კალაძე: პარკირების რეფორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განხორციელდება (ვიდეო)

923

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა საჭირო თბილისში ზონალური პარკირების შემოღება.

ამასთან, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის, ავტობუსების პარკის განახლებასა და მეტროს შემადგენლობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარკირების რეფორმა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განხორციელდება.

“მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, ეს არის ზონალური პარკირების შემოღება. სამწუხაროდ, ამ რეფორმას, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ბევრი ადამიანის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. გვინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქალაქებშია. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ვცდილობთ, საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ იმ ქალაქებიდან, სადაც ეს სისტემა დანერგილია.

ზონალურ პარკირებას მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განვახორციელებთ. ეს გულისხმობს როგორც ავტობუსების შემოყვანას, ასევე, მეტროს ვაგონების მოდერნიზება-განახლებას. მეტროს ვაგონებს თებერვალში ოთხი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, რაც დამატებით, მეტი მგზავრის გადაყვანისა და პიკის საათებში მოცდის დროის შემცირების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს რეფორმები და ღონისძიებები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას გაზრდის. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა რაოდენობა მეტროში 25%-ით არის გაზრდილი. მეტროს ვაგონების დამატებისა და ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და პოპულარული გახდება. ჩვენი ყველა რეფორმა დედაქალაქის განვითარებას, მოწესრიგებას, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის მის კომფორტულ გარემოდ გადაქცევას ემსახურება. ვიცით, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ. ქალაქში არსებული პრობლემების მიმართ ჩვენი ხედვები და დამოკიდებულება ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე განხორციელებული თუ მომავალში დაგეგმილი პროექტებითაც კარგად ჩანს. ამ რეფორმების შედეგად თბილისი ყველაზე კომფორტული, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ქალაქი გახდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

ამასთან, ცნობილია, რომ ის პირები, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან.