აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას 114 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

791

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 16-17 ივნისს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამხრეთ კორეაში გაიმართება.   საქართველოს ფინანსთა მინისტრს (2016-2017 წლებში) ბანკის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია უკავია.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტ ძინ ლიცუნთან (Jin Liqun) და ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი ბანკის წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია – ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი