კალაძე: ყველა მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ

798

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიას  სამშენებლო მასალების გადატანა-მოხმარების შესახებ კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეაქვს. მისი თქმით, მერიას ყველა მიმართულებით მოუწევს მუშაობა, რათა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შეცვალოს.

“არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საკითხია და საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე გამგეობები. თვალშისაცემია გამწვანება და ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მიმართულებებსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. კანონპროექტებს, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. ამისთვის მადლობას ვუხდი პარლამენტს და განსაკუთრებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. აღნიშნული კანონპროექტების მიხედვით, მათ შორის, სამშენებლო მასალების გადატანა-მოხმარების შესახებ, კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეგვაქვს.

დედაქალაქის მერია კანონპროექტებს სხვა მიმართულებებითაც ამზადებს. ეს კანონპროექტებიც პარლამენტს გადაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, აქაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მხრივ ტრანსპორტის განახლება, ტექნიკური ინსპექტირება. ყველა მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.