კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 183 ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს

701

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 უკვე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. ამასთან, კალაძის თქმით, 123 ფართი ამ დროისთვის მშენებლობის პროცესშია.

“თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის. 3 000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია. მათგან 60 ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები უკვე გადაეცა. დაახლოებით, 123 ფართი კი, მშენებლობის პროცესშია.

დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართებით 20 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 3 ოჯახს გადავცემთ უკვე დასრულებულ ბინებს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულდეს და დაზარალებული ოჯახები ფართებით დაკმაყოფილდნენ.

გარდა ამისა, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ რამდენიმე ადგილზე – დიდი დიღმის IV მიკრორაიონში; დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე; არჩილ მეფისა და პეტრე იბერის ქუჩებზე. იმედი გვაქვს, რომ ინტერესთა გამოხატვა აქაც წარმატებით დასრულდება და შეირჩევა კომპანიები, რომლებიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს ფართებით დააკმაყოფილებენ”, – გამაცხადა კალაძემ.