კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

1745

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. მისი თქმით, კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამუშაოები კი 3 თვეს გაგრძელდება.

“მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება. ძალიან ბევრ პროექტზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

ვიწყებთ კანდელაკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. ყველა დამეთანხმებით, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ასევე, მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, შევძლებთ, რომ მთლიანად, ფუნდამენტურად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ასევე, დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და მოეწყობა ტროტუარი, რათა გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასასრულებლად კი სამი თვეა განსაზღვრული“,- განაცხადა კალაძემ.