ჩოხატაურის მერი: ადგილობრივი ფინანსების გასაზრდელად საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვება კარგი იქნებოდა

1541

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა დადებითად აფასებს იმას, რომ 2019 წელს, დაფინანსების ახალი სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტები გაეზარდათ, თუმცა, ფიქრობს, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაც საჭიროა.

კუჭავა ამბობს, რომ ადგილობრივი ფინანსების გასაზრდელად, კარგი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვება. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ჩოხატაურის მერი, ასევე, ითხოვს, რომ დაჩქარდეს სახელმწიფო ქონების თვითმმართველობებისთვის გადაცემის პროცესი.

“მაგალითად, ჩვენთან ნაბეღლავის განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება, თუ იქ განთავსებული სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლება ექნება მუნიციპალიტეტს. ამ ქონების განვითარებისთვის ჩვენ შევძლებთ როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მას გამოვიყენებთ ადგილობრივი თემის საკეთილდღეოდ”, – ამბობს კუჭავა და იმედოვნებს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია ამ საკითხების გადაჭრაზე იქნება ორენტირებული.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.