ოზურგეთის მერი: ეკონომიკის სამინისტრო ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მოვლა-პატრონობაში

1400

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოზურგეთის მუნიცპალიტეტის მერი კონსტანტინე შარეშენიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების უმთავრესი პირობა ადგილებზე ძლიერი ბიჯეტებისა და საკუთარი ქონების არსებობაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის განკარგავს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“დღეს ამ მხრივ ძალზე რთული სიტუაციაა. ეკონომიკის სამინისტრო, ფაქტობრივად, ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მოვლა-პატრონობაში. ოზურგეთის მუნიცპალიტეტმა ვერ მიაღწია იმას, რომ ქონება, რომელიც ნადგურდება და უფრო მეტიც, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, გადმოეცეს მუნიცპალიტეტს. ჩვენ ის მაინც უზრუნველვყოთ, რომ ეს ქონება დავშალოთ, სანამ უბედურება დატრიალებულა და ვინმე ნანგრევებში მოყოლილა.

კონკრეტული მაგალითია ქალაქ ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის გვერდით განთავსებული შენობა, რომელიც ამორტიზებულია, იშლება და ამასთან, ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. ეკონომიკის სამინისტრომ, ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად, არ გადმოგვცა და დღეს, ფაქტობრივად, უპატრონოდაა დარჩენილი”, – აცხადებს შარაშენიძე.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად ოზურგეთის მერი ბუნებრივ რესურსებზე წვდომის პრობლემას ასახელებს.

“ტრაქტორი არ არის დარჩენილი სოფლებში, ჯარიმა არ ჰქონდეს გამოწერილი, იმიტომ, რომ უფლება არ აქვთ, ხრეში ამოიღონ. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის სჭირდება ღორღი, გვთხოვს ჩვენ, ჩვენ კი ვერაფრით ვეხმარებით”, – ამბობს ის.

მისი თქმით, ასევე, პრობლემაა სოციალური მიზნით სამშენებლო მერქნის გამოყოფაც. “როცა სტიქია საცხოვრებელ სახლებს სახურავს გადახდის ხოლმე, ჩვენ მოსახლეობას გადასახური თუნუქით ვეხმარებით, მაგრამ სახურავის კოჭების დასამზადებლად, ასევე, საჭიროა, დაახლოებით, 2.5 კუბური მეტრი სამშენებლო მერქანი. ამ მერქნის გამოყოფა კი, ფაქტობივად, შეუძლებელია. ამიტომ ადამიანები ჩვენ მიერ გადაცემულ თუნუქსაც ვერ იყენებენ. ეს ყველაფერი კი მოსახლეობაში ძალზე დიდ გულისტკივილს იწვევს”, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი.

შარაშენიძე ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ამ პრობლემური საკითხების გადაჭრის შესახებაც უნდა იყოს საუბარი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.