გორის სოფელ მარანას მე-4 დღეა წყალი არ მიეწოდება

1321

წინა სტატია

გორის სოფელ მარანას, რომელსაც დენის ეკონომიის გამო სასმელი წყალი დღეში 2 საათით მიეწოდებოდა, მე-4 დღეა წყალი საერთოდ არ აქვს. უწყლობის გამო სოფელში საბავშვო ბაღიც დაიკეტა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“გვითხრეს, ამ თვეშიც გადაიხადეთ დენის გადასახადი და მერე წყლის მრიცხველებს ჩაგირთავთო. ყველამ გადავიხადეთ იმ იმედით რომ ჩართავდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. მას მერე წყალი აღარ მოსულა და ამის გამო საბავშვო ბაღიც 4 დღეა არ მუშაობს. კარალეთიდან მოგვაქვს წყალი’’ – აცხადებენ მარანაში.

საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ სოფელ მარანაში საბავშვო ბაღი ნამდვილად სასმელი წყლის უქონლობის გამო არ მუშაობს, მისი მოგვარება კი, სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის. მერიის პრესსამსახურის თქმით მარანას წყალმომარაგების საქმე მათ აღარ ეხებათ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საქმე ტექნიკურ სამუშაოებს ეხება, თუმცა დაზიანების ზუსტ მიზეზს არ ასახელებენ.

“სამუშაოები დღეს საღამოს 5-6 საათისთვის დასრულდება და სოფელს წყალმომარაგება აღუდგება.” – ამბობენ კომპანიაში.