ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი: გარემოს დაცვის სამინისტროს გამო შარშან შიდასასოფლო გზები ვერ გავაკეთეთ

1276
ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს ადგილობრივი გზების მოწესრიგებაც კი ძალიან უჭირს. ამის მიზეზად ბერიძე ცენტრალიზებული მმართველობის პრობლემას ასახელებს, კერძოდ, იმას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გამო, ბალასტის ამოღებაც კი გართულებულია. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“ჩვენ, გარდა იმისა, რომ საგაზაოს ბალანსზე არსებული გზები გვაქვს გასაკეთებელი, არსებობს შიდა სასოფლო გზები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებშია და დაბის ცენტრიდან 30-40 კილომეტრით არის მოშორებული. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ფაქტობრივად, გზები ვერ გავაკეთეთ, რადგან ძალიან გართულებულია ადგილზე ბალასტის მიტანა. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა გამარტივდეს. წლების განმავლობაში ეს პროცესი გვარდებოდა შემდეგნაირად: გზასთან ახლოს ყველგან არის კარიერი, რომლიდანაც ხრეშს იღებდნენ და უცებ აკეთებდნენ. ახლა, როდესაც მოსახლეობისთვის გვიწევს იმის ახსნა, რომ გზის მოხრეშვას გარემოს დაცვის
სამინისტროს ნებართვა სჭირდება, ძალიან ცუდია. გასათვალისწინებელია, რომ სოფლებში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მოსაწესრიგებელია და ამას ხელშეწყობა სჭირდება”, – აცხადებს ბერიძე.

ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად 2018 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წელს პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა მოულოდნელად თანამდებობა დატოვა.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.