სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება

1263

წინა სტატია

მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, მერია არ აპირებს დასაქმებული პირებისთვის კონკრეტულ სივრცეებზე სააბონიმენტო სისტემა შემოიღოს.

“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამაგიეროდ, ხალხი ისუნთქებს.

ფეხით ვინც დადის იცის, რომ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია. ვსუნთქავთ გამონაბოლქვს! თუ არ გავაჩერეთ მანქანები და ავტობუსი არ მოვიხმარეთ, დავიხრჩობით! მერე ის საპარკინგე ადგილები და მანქანებიც გვერდზე დაგვრჩება“, – განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.

ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.

ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან.