მერაბ ქვარაია – მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა განსხვავებულია, მაგრამ ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ

636

მუნიციპალიტეტების შეერთებასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა განსხვავებულია, მაგრამ აბსულუტურად ვეთანხმები რეფორმის იმ ძირითად ნაწილს, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.

ქვარაიას თქმით, შეიძლებოდა დღეს არსებული მოდელის დახვეწა და გაუმჯობესება, მაგრამ მთავრობის წინადადებაში ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ხედავს.

”დემოკრატიული ჩართულობის მექანიზმები სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა აქტიური – ეს არის პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები, მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ანგარიშვალდებულების, ჩართულობის განსაკუთრებული ელემენტები, რომელიც იყო შემოღებული ბიუჯეტის დაგეგმვისა თუ სხვა პროცესებში. ეს შენარჩუნებულია და ბევრი სიახლე, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს ანგარიშგასაწევია”, – განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის წინადადებაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

საკითხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარადგინა.

მისი განცხადებით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება და გამოთავისუფლდება თანხები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაყოფამ არ გაამართლა, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირდა კაპიტალური ხარჯების მოცულობა.

წყარო: ინტერპრესნიუსი