20 წლის შემდეგ ფოთში მდინარე კაპარჭას კალაპოტი პირველად გაიწმინდება

722

20 წლის შემდეგ ფოთში მდინარე კაპარჭას კალაპოტი პირველად გაიწმინდება. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის წინაშე მდგარი პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.

“მდინარე კაპარჭისა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები 20 წელია არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები. არხებისა და მდინარეთა ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.

პროექტი გულისხმობს – მდინარე კაპარჭის გამტარუნარიანობის აღდგენას, რის შედეგადაც მდინარე კაპარჭაზე შესაძლებელი იქნება სანიჩბოსნო სპორტული ღონისძიებების ჩატარება. მდინარე კაპარჭის ამოწმენდის შედეგად მიღებული ლამი, როგორც ბუნებრივი ორგანული სასუქი, სოფლის მეურნეობაში იქნება გამოყენებული. პროექტი ხელს შეუწყობს მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობას და პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას”, – განმარტავენ ფოთის მერიაში.