კრწანისის რაიონის გამგებელმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

779

კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საჯარო სკოლებისა და ბაღების დირექტორები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2018 წლის ანგარიშთან ერთად, გამგებელმა დამსწრე საზოგადებას 2019 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.

“2018 წელს კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 52 973 კვ.მ ფართობზე შეკეთდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა; სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისა და შეკეთების სამუშაოები 14 მისამართზე ჩატარდა, ფიტნეს ტრენაჟორები კი, 3 მისამართზე დამონტაჟდა;

გასული წლის განმავლობაში, რაიონში ათ საბავშვო გასართობ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა; გრუნტის დამჭერი კედელი 12 მისამართზე მოეწყო; მიწისქვეშა კომუნიკაციები ათ მისამართზე მოწესრიგდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 77 პროექტი დაფინანსდა; განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, მოეწყო უსინათლოებისთვის ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი;

გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 11 სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება”, – განაცხადა ჯაფარიძემ 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე

ამასთან, პრეზენტაციის დასრულებისას ლევან ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჩატარებული სამუშაოების გარდა, მოსახლეობას ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდეს.

“კრწანისის მოსახლეობას გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, მათი მხრიდან მოვისმინეთ და ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომლის გათვალისწინებასაც 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით ვაპირებთ. როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით, რაიონში 2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

მათ შორისაა, ახალი, თანამედროვე სკვერების მოწყობა. ჩვენი რაიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გრუნტის დამჭერი კედლებია. ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით, კედლების მშენებლობა უკვე ექვს მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დავიწყეთ ფონიჭალაში სკვერის მოწყობის სამუშაოები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც შვიდ მისამართზე ხორციელდება. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რაიონში არსებული პრობლემების დროული მოგვარება და მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონში გასულ წელს განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში 11 698 233 ლარი დაიხარჯა.