სოზარ სუბარმა რეგიონებში დაგეგმილი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაასახელა

729

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა რეგიონებში დაგეგმილი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაასახელა.

კერძოდ, მისი თქმით, უახლოეს მომავალში მესტიის მუნიციპალიტეტის, ლაღამის უბნისა და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულის კოშკების რეაბილიტაციის პროექტირება დაიწყება. ასევე, იგეგმება თელავის ცენტრისა და გურჯაანის სოფელ ველისციხის ცენტრის რეაბილიტაცია და იწყება ზუგდიდის ცენტრის და ცენტრალური ბულვარის პროექტირება.

ამასთან, გურჯაანის სოფელ ველისციხისა და სოფელ ჭერემის გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რეგიონებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. პროექტირების თანხა 4 130 000 ლარია, პროექტირების დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდება რა მოცულობის ფინანსები იქნება საჭირო ჩამოთვლილი პროექტების სრული რეაბილიტაციისთვის.