აუდიტის სამსახური: ფოთის მერიამ უხარისხოდ მოწყობილი სანაპირო ზოლი ჩაიბარა (ფოტო)

800

წინა სტატია

ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოები, რომელშიც 4.1 მილიონი ლარია გადახდილი, უხარისხოდ შესრულდა – ასეთია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა. ამის მიუხედავად, ფოთის მერიამ სამუშაოები ჩაიბარა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, 2015 წელს ფოთში მალთაყვას უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს “პირამიდა ფ.რ-ს ფილიალს“. ხელშეკრულებით, სამუშაოები 2016 წლის 31 აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო. პროექტზე სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება კი მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში განხორციელდა.

“სანაპირო ზოლზე, ბულვარის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე დაზიანებულია ასფალტის ფენა, ტროტუარის ბორდიურები უსწორმასწოროდ არის მოწყობილი; ტერასაზე არსებული ბეტონის გზა ხშირ შემთხვევაში დაზიანებულია და ზოგიერთ მონაკვეთზე შეიმჩნევა ბზარები. სანაპირო ზოლზე მოწყობილია დიდი და პატარა ზომის საყვავილეები, რომლის მხოლოდ ზედაპირია მოპირკეთებული გრანიტის ფილით, ხოლო საყვავილის გვერდები დაბეტონებულია, რაც დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ქმნის. საყვავილეებზე გრანიტის ფილა ზოგიერთ ადგილზე დაზიანებული და გატეხილია. პროექტით, გამწვანების ზოლში დარგულია სხვადასხვა სახის მცენარეები, საერთო ღირებულებით 89.6 ათასი ლარი. გამწვანებული ტერიტორია არ არის დაცული პირუტყვისაგან, არსებული მდგომარეობით დარგული მცენარეების უმრავლესობა განადგურებულია. გარე განათების ლითონის ბოძები, ასევე სათვალთვალო კოშკზე და საშხაპეზე არსებული ლითონის კონსტრუქცია დაჟანგულია; კოშკზე გამოყენებული ხის მასალა დაზიანებულია, აივანზე ჩამტვრეულია ხის სავალი ნაწილი, ზოგიერთ ადგილას ჩამტვრეულია მინები და კარები. ბულვარში მოწყობილ შენობა-ნაგებობებზე, კერძოდ: კაფე-სანაყინის, საპირფარეშოს, საჩრდილობლის და დამხმარე შენობის კედლები დაზიანებულია, კედლებიდან ჩამოყრილია საღებავი, საჩრდილობლის რკინის კონსტრუქციები დაჟანგულია, ბულვარში შშმ პირებისათვის მოწყობილია პანდუსი, თუმცა გადაადგილებისთვის ხელსაყრელი პირობები არ არის შექმნილი და მისი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. მიმწოდებელს შესრულებულ სამუშაოს აქტში მითითებული აქვს სასმელი წყლის შადრევნის და ბეტონის სკამების ხის ზედაპირით მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები დაუსრულებელია, შადრევანი მოუწყობელია, ხოლო სკამები დაუსრულებელია და მისი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია“, – წერია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორწლიან საგარანტიო მექანიზმს, რომლის დროსაც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა უხარისხობით გამოწვეული ხარვეზები. მიუხედავად იმისა, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებით განსაზღვრული კონტროლის მექანიზმი და არ მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით.

“ტენდერის შესწავლით ირკვევა, რომ მერიის პასუხისმგებელი პირები შესაძლოა მოქმედებდნენ არა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არამედ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მერიამ ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რაშიც გადახდილია 4.1 მილიონი ლარი. გარდა ამისა, მერიას ევალებოდა მიემართა მიმწოდებლისთვის საგარანტიო ვადაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა მერიის პასუხისმგებელმა პირებმა არ გაატარეს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, – აღნიშნავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.