ზუგდიდის ვიცემერი: ანაკლიასა და რუხში 2 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

51

წინა სტატია

ზუგდიდის ვიცემერმა გიორგი შენგელიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ 15 ახალი ავტობუსიდან, 2 რუხსა და ანაკლიაში, დანარჩენი კი ქალაქ ზუგდიდში იმოძრავებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი დათა აქუბარდია დაინტერესდა, რატომ იყო აუცილებელი ავტობუსების შესაძენად სესხის აღება.

“მუნიციპალური ტრანსპორტით გადადგილება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სამარშუტო ტაქსებით. ძალიან ბევრი მოსახლისგან არის სამართლიანი პრეტენზია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით ვერ გადაადგილდებიან, იმიტომ რომ არ არის საკმარისი. ამით იყო განპირობებული, ის რომ გადაგვედგა ეს ნაბიჯი, აგვეღო სესხი და გვეყიდა ავტობუსები. ჩვენ გვყავს 18 მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც არის მოძველებული, დაახლოებით, 150 000 ლარის სჭირდება, რომ მათ სრულფასოვნად გაიარონ ტექნიკური დათვალიერება. ამის შემდეგ, უფრო მრავალფეროვანი იქნება მარშუტები, ამიტომ გახდა საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე თქმით, თითო ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 75 000 ევროა.

მაისის შუა რიცხვებში ზუგდიდში ახალი ავტობუსები იმოძრავებს, სადაც გადახდის აპარატები დამონტაჟდება. ამასთან, ცნობილია, რომ ტარიფი იგივე, 40 თეთრი დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერიამ 15 ავტობუსის შესძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 419 544 ლარია.