ავჭალის რკინიგზის სადგურს, შესაძლოა, ეროვნული გმირის ვლადიმერ გოგუაძის სახელი მიენიჭოს

1027

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, სახელდების და სიმბოლიკის კომისია მუდმივად მუშაობს იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღემდე მოიტანეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“იანვარში, ტაბახმელაში იუნკერ არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე ქუჩას მიენიჭა ასევე იუნკერის, შტაბის კაპიტნის ბესარიონ კემულარიას სახელი. 1921 წელს, საოკუპაციო არმია კოჯრის მიდამოების გარდა, გვებრძოდა სამგორში, გლდანში, ავჭალაში. გამოვდივართ ინიციატივით, ავჭალის რკინიგზის სადგურს დაერქვას საქართველოს ეროვნული გმირის, ჯავშანმატარებელთა რაზმის ხელმძღვანელის ვლადიმერ გოგუაძის სახელი. ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით, ქართულმა მხარემ შეძლო რუსული არმიის ავჭალიდან განდევნა და ავჭალის რკინიგზის სადგურის დაკავება“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხის განხილვის მიზნით, უახლოეს პერიოდში საქართველოს რკინიგზასთან კონსულტაციებს დაიწყებს.