თელავის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებით 754 400 ლარია გამოყოფილი

681

თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებისთვის 754 400 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერიის სოციალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იმერლიშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხით მრავალშვილიანი და ახალშობილი ბავშვების ოჯახების დახმარების, სათბობი შეშით უზრუნველყოფის, ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი დაფარვისა და სხვა სახის პროგრამები დაფინანსდება.

“ეს თანხა რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ჩაშლილი. პროგრამები სხვადასხვა საჭიროების მოქალაქეებზე არის გათვლილი. გვაქვს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, ახალდაბადებული ბავშვის ოჯახის დახმარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წალმადე შვილების დახმარების პროგრამა. ასევე, სარიტუალო მომსახურების დახმარების პროგრამა.

ამასთან, თანხა გამოყოფილია სადღესასწაულო დღეებში გაჭირვებული პირების დახმარების მიმართულებითაც, სათბობით უზრუნველყოფის, ელექტროენერგიის ნაწილობრივი დაფარვის ქვეპროგრამა, დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების პროგრამა და ბოლოს სამეწარმეო ტრავმის შედეგად დაზარალებული მოქალაქის დახმარების პროგრამა”– განაცხადა მერიის სოციალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იმერლიშვილმა

მისივე ინფორმაციით, სოციალური პროგრამებით სარგებლობის მიზნით მოქალაქეებმა მერიაში განცხადება და საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. ამ ეტაპზე თელავის მერიის სოციალური მომსახურების განყოფილებას 522 ბენეფიციარი ჰყავს.