როგორ დამეხმარა თვითმმართველობის შესწავლა შვილების აღზრდაში

305

ლიზა სოფრომაძე – რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

რამდენიმე წლის წინ, როცა თვითმმართველობის შესწავლა დავიწყე, მთავარი საკითხი იყო ჩემთვის, გამეგო მისი არსი – იყო ბევრი ლექცია GIPA-ში თვითმმართველობაზე, მასალების დამუშავება, კვლევები, მუშაობა მუნიციპალიტეტებთან, სამინისტროებთან, მოსახლეობასთან, ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან, ბევრი დისკუსია, მსჯელობა, კამათიც და დათანხმებაც.

ჩემმა გამოცდილებამ დამანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას მართავ – ქვეყანას, ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ ოჯახს, მართვას ყველგან ერთი და იგივე ფუნქიები აქვს და ყველაგან ერთი და იგივე გამოწვევებიც დგას.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესწავლა რომ დავიწყე, მაშინ დავინახე ოჯახისა და ქვეყნის მართვის მსგავსება.

ჩემმა გამოცდილებამ დამანახა, რომ მართვა ნდობაზე დგას.

თვითმმართველობა არის ქვეყნის განვითარების მამოძრავებელი ძალა – თუ დამოუკიდებლად ფიქრობს, აანალიზებს, იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობებს ამ გადაწყვეტილებებზე, ამ დროს ვითარდება საზოგადოებაც და ქვეყანაც! ასევეა შვილიც, თუ აძლევ ფუნქციებს, თავისუფლებას, იფიქროს, გადაწყვიტოს, აიღოს პასუხისმგებლობა, ისიც ვითარდება!

აღმოვაჩინე, რომ ამ დროს გამოწვევებიც მსგავსია. როგორც შვილს ექცევი, ისე ექცევი თვითმმართველობას – თან გინდა, რომ განვითარდეს და თან გეშინია და არ ენდობი, თან გინდა რომ თვითონ აკეთებდეს ყველაფერს და თან გინდა, რომ შენ ასწავლო, როგორ გააკეთოს, მიუთითო, შენი გამოცდილება გაუზიარო, რადგანაც ძალიან გეშინია, რომ არ შეეშალოს. რაც მთავარია, ზუსტად იცი, რომ შეცდომის გარეშე ვერ სწავლობს ვერავინ, თუმცა, მაინც გაშინებს შვილის შეცდომა, განსაკუთრებულად გეშინია და გეშინია იმიტომ, რომ მაინც შენი ბრალი იქნება, შენზე იტყვიან, ვერ გაზარდაო, და ამიტომაც ძალიან ფრთხილი ხარ. მერე შენ გეტყვიან, რატომ ენდეო, ჯერ გესწავლებინა და მერე მიგეცა ქმედების უფლებაო და ჩვენც, მშობლებს, გვჯერა, რომ თეორიულად თუ გავაგებინეთ, პრაქტიკაში არ შეეშლებათ და ასე გამალებით ხმელთზე ვასწავლით ცურვას, ოთახში თხილამურებზე სრიალს, რეცეპტებით ოჯახის შექმნას და ველით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომწიფდებიან ქმედებისთვის და ნდობისთვის, ამას გავზომავთ და მივცემთ თავისუფლებას, მაგრამ რითი ვზომავთ, ეს უკვე აღარ ვიცით, ალბათ, ინტუიციით.

ჩვენ, მშობლებს, გვინდა, გავუკეთოთ ყველაფერი, იმიტომ, რომ გვჯერა, ჩვენ ხომ უფრო ჭკვიანები და გამოცდილები ვართ?! ჩვენ თუ შეგვეშალა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შვილს რომ ეშლება, საოცრად გეშლება ნერვები, ამიტომ შენ აკეთებ ყველაფერს, ფულს შოულობ, საჭმელს უმზადებ, გადასახადებსაც უხდი, ბინასაც ურემონტებ და მას მხოლოდ სწავლასა და განვითარებას სთხოვ. თან, როცა რაღაცის კეთებას იწყებს, აჩერებ და ეუბნები, რომ მის ნაცვლად გააკეთებ, რადგან ის ჯერ მზად არ არის, გაუფუჭდება, ჯერ არ გამოსდის საქმის კეთება, ეუბნები, რომ უკეთ იცი, მას რა სჭირდება, კარნახობ, რა გააკეთოს, სად ჩააბაროს, რა ისწავლოს. არწმუნებ, რომ მისთვის ჯერ ადრეა დამოუკიდებლობა, არ არის მზად, რომ თავისი ფული ჰქონდეს, იმიტომ, რომ სწორად ვერ დახარჯავს. ეუბნები – მე უკეთ გამომდის, და როცა კი გექნება შენი ხელფასი, ისიც მე მომეცი, მე გადაგინაწილებ, მე უკეთ გამომდის!!! ჯერ ადრეა, ჯერ არ ხარ მზად!!!! და ასე უსასრულოდ…

და მერე, როცა მოგინდება, რომ რაღაც აკეთოს, უბრალოდ, აღარც უნდა და არც იცის, იმიტომ, რომ საქმის კეთებას საქმის კეთების გარეშე ვერ სწავლობ, იმიტომ, რომ ცურვას ვერ სწავლობ ხმელეთზე, ფულის ხარჯვასაც ვერ სწავლობ ფულის გარეშე და დამოუკიდებლობასაც ვერ სწავლობ დამოუკიდებლობის გარეშე, რომ, თუ არ გააკეთებინებ და თუ არ დაახარჯინებ, არც ეცოდინება, რა როგორ გააკეთოს, ფული როგორ დახარჯოს, ოთახი როგორ დაალაგოს და როგორ მოაწყოს, პროექტი როგორ დაგეგმოს და განახორციელოს…

თვითმმართველობის შესწავლა რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი შიშით და აკრძალვით და იმის ფიქრით, რომ ჯერ ამისთვის მზად არ არის, შვილი ვერ ვითარდება.

მივხვდი, რომ მზაობას ქმნი და თავისით არ ჩნდება, მივხვდი, რომ შვილს (თვითმმართველობას) ჯერ უნდა ენდო!!! რომ ნდობა საფუძველია ქმედების, რომ ნდობა მხოლოდ ჩემი არჩევანია და არა “საბუთის” შემდეგ გასაცემი გრძნობა!!!

ამას, რომ მივხვდი, მერე შვილებთან ერთად დავჯექი და შევთანხმდით, რომ, თუ ოჯახის (ქვეყნის) განვითარება გვინდა, ერთად უნდა ვმართოთ – ეს ხომ ჩვენი საერთო მიზანია და, თუ განვითარება გვინდა, ფუქციებიც უნდა გადავინაწილოთ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვიცოდეთ და ვაკეთოთ, რომ ერთად ქმედებაში მეტის გაკეთებას შევძლებთ.

თუმცა, იკითხავთ, როგორ გადავანაწილოთ, ჯერ ხომ შვილი პატარაა და რა შეუძლია?

და ამ დროს დამეხმარა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პრინციპი, ეს არის სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც აღზრდის აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მეტი უნდა აკეთოს, რომ განვითარდეს, ოღონდ სუბსიდიარობა, ამავე დროს, გვეუბნება, რომ ბავშვს თავისი ასაკის შესაბამისი ფუნქციები უნდა მივცეთ, მივცეთ იმდენი, რასაც მოერევა და, რომ, როცა კი მოერევა და მეტის გაკეთებას შეძლებს, კიდევ დავუმატოთ და თან წავახალისოთ.

მერე უთხარით, რომ რასაც გააკეთებს, იმას ერთად გააკონტროლებთ, ნახავთ, როგორ გამოსდის და თუ არ გამოუვა, კი არ დავსჯით, შესაძლებლობას მივცემთ, რომ ისწვლოს. ჩვენი მართვა დასჯაზე კი არ არის აგებული, არამედ წახალისებაზე, სწავლასა და განვითარებაზეა!

და რაც მთავარია, მივხვდი, რომ, თუ მინდა, ბავში განვითარდეს, წესები ერთად უნდა შევიმუშავოთ, რადგანაც წესები გვეხმარება, ის ჩვენი მეგობარია და თანაც წესებს ერთგულება უყვართ. მივხვდი, რომ აუცილებლად თანმიმდევრული უნდა ვიყო, გზას არ უნდა გადავუხვიო, წესები ხშირად არ უნდა ვცვალო და, თუ რამის შეცვლა მინდა, ესეც ერთად, გააზრებულად და მიზანმიმართულად უნდა გავაკეთოთ. რადგანაც ბავშვი და მეც ხშირი ცვლილებებით ვიბნევით და გზა გვეკარგება! და რაც მთავარია, ასე თვითონაც ეჩვევა არათანმიმდევრულობას, ხასიათის აყოლას, არეულობას!

მერე შვილებთან ერთად გავაანალიზე, რაც გავაკეთეთ, მე მათ მოვუსმინე და მათ მე მომისმინეს, მერე ისევ ჩვენ ჩვენს საქმეებს მივხედეთ, კი ვართ ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად, თუმცა, მაინც ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები და ეს არ გვაშინებს, ეს გვაძლიერებს და გვაერთიანებს, კი ვართ ცალ-ცალკე, მაგრამ ერთი მთლიანის ნაწილები ვართ და ერთად ერთ დიდ ოჯახს ვქმნით, ჩვენ ვქმნით ერთობას!

თვითმმართველობის შესწავლისას მივხვდი, რომ დასჯით, შიშით ღირსეული შვილები ვერ იზრდებიან, მივხვდი, რომ, როცა შეეშალათ და ერთად ვიმსჯელეთ, ერთად გავაანალიზეთ, ამით უფრო გავძლიერდით, მივხვდი, რომ ერთად საქმის კეთებით მეც ბევრი ვისწავლე და სხვანაირად დავინახე სამყარო, მივხვდი, რომ ლაპარაკის გარდა, მოსმენაც შევძელი. მივხვდი, რომ ყველანი ერთ ოჯახშიც კი ერთნაირები ვერ ვართ და ეს კარგია. მივხვდი, რომ ერთმანეთის აღიარებით და ნდობით მეტი შევძელით, გავერთიანდით და განვვითარდით!