ნანგრევებად ქცეული ქონება და მთავრობის მიზანშეწონილობის იმედად დარჩენილი უქონელი თვითმმართველობები

1733

წინა სტატია

შემდეგი სტატია

“თუ ფული და ქონება არ გვექნება, რა უნდა ვაკეთოთ? მოდის გლეხი და ვეუბნებით, მიწა, ხრეში, გზა და ტყე მე არ მეხება. მხოლოდ მანქანით სიარული მეხება? ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, რომელზეც თანხას სამინისტრო გვირიცხავს, ვერაფერს ვაკეთებთ”, – ასე მიმართა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს.

ადგილობრივი ხელისუფლებები წუხან, რომ დაკისრებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსები არ აქვთ. შემოსავლების გასაზრდელად კი აუცილებელია, მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწა თვითმმართველობებს გადაეცეთ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უკვე ნახევარი წელია, გამოსავალს ეძებს, ეკონომიკის სამინისტრო კი ჯერაც არ ამბობს, გადასცემს თუ არა მუნიციპალიტეტებს იმ ქონებას, რომელიც, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, უკვე 2 წელია, მათ უნდა ეკუთვნოდეთ. ამ საკითხზე მინისტრი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენ ყოველთვის გადავცემთ თვითმმართველობას ქონებას, როდესაც ეს არის მიზანშეწონილი“.

რატომ უნდა იყვნენ თვითმმართველობები ცენტრალური ხელისუფლების კონკრეტული ჩინოვნიკების კეთილ ნებაზე დამოკიდებულნი, თუ როდის რა ქონების გადაცემას მიიჩნევენ მიზანშეწონილად, ამაზე პასუხი, წლებია, არავის აქვს. ხშირად კი პირიქითაც ხდება – მუნიციპალურ ქონებას სახელმწიფო ყოველგვარი მკაფიო არგუმენტაციის გარეშე ისაკუთრებს, არარეგისტრირებულ ქონებას კი ზოგჯერ მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული დოკუმენტაციით ჩუმად ეუფლება.  

უკვე 7 თვეა, საქართველოს მთავრობა მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა. სტრატეგიის დღეს არსებულ პროექტში ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი ამ დრომდე არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები აცხადებენ, რომ სტრატეგიამ ქონების თვითმმართველობებისთვის გადაცემის საკითხები მკაფიოდ უნდა განსაზღვროს. ამასთან, მომდევნო 2 წლის სამოქმედო გეგმით უნდა გაიწეროს, თუ რა ვადებში რა კატეგორიის მიწა გადავა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მუნიციპალურ საკუთრებაში.

სწორედ ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადაცემაა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც მუნიციპალიტეტების პირველი პირები ცენტრალურ ხელისუფლებას უყენებენ და ამის შესახებ მათ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრებზეც ღიად ისაუბრეს.

ვნახოთ, რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები, რომლებსაც თითოეული მიწის ნაკვეთის გადაცემაზე ეკონომიკის სამინისტროსთან ლამის ხელჩართული ბრძოლა აქვთ გამართული.

ნადიმ ვარშანიძეხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე: კარგია, რომ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ შეხვედრაზე გვისაუბრია, მაგრამ ნაბიჯები ჯერ ბოლომდე არ გადადგმულა.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ვსვაშეკითხვას – რა უფლებები გვაქვს მუნიციპალიტეტებს და რას ვაკეთებთ? თუ ვართ მერები და საკრებულოების წევრები, უნდა ვიყოთ თვითმმართველობა და არა – თავკომბალას სისტემა. ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომა, სხვაგვარად ვერაფერს ვახერხებთ.

ქონების მართვის სააგენტოს რაში სჭირდება, მაგალითად, სოფელ მაჭახელში არსებული მიწა? კარგი იქნება, თუ ამ კუთხით ვიმუშავებთ და მიწებს გადავცემთ მოქალაქეებს, საიდანაც მუნიციპალიტეტში შევა შემოსავალი.

ასევე პრობლემაა ტყის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც არავითარი ფუნქცია არ გვაქვს. ეს საკითხიც უნდა დადგეს და დელეგირება უნდა მოხდეს.

თუ ფული და ქონება არ გვექნება რა უნდა ვაკეთოთ? მოდის გლეხი და ვეუბნებით, მიწა, ხრეში, გზა და ტყე მე არ მეხება. მხოლოდ მანქანით სიარული მეხება? ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, რომელზეც თანხას სამინისტრო გვირიცხავს, ვერაფერს ვაკეთებთ.

ფრიდონ ფუტკარაძე – შუახევის მუნიციპალიტეტის მერი: კარგი იქნება, თუ ეს საკონონმდებლო საკითხები დარეგულირდება და ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ. ჩვენზე უკეთ არ იციან, სად რა გვჭირდება, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ რაიმე ფორმით ჩავერთოთ ამ პროცესებში.

ქონება მხოლოდ მიწა ხომ არ არის? მაგალითად, ფართია ამ მიწაზე, რომლსაც გამოვიყნებთ. გვყავს მოსახლეობა, რომლიც ამორტიზირებულ შენობებში ცხოვრობდა საფრთხის თავიდან ასაცლებლად, გადავიყვანდი ამ ადამიანებს ამ ფართებში, მაგრამ ამ კუთხით დიდი ბიუროკრატიაა. მივწერთ წერილს (ეკონომიკის სამინისტროს – ავტ.) ან არ გვპასუხობენ, ან უარყოფითი პასუხები გვიბრუნდება.

ეს სტრატეგია კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს არ გვიშველის, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა.

ლევან გორგილაძე – ქედის მუნიციპალიტეტის მერი: მიმაჩნია, რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი არ დგას, პირდაპირ უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს. მაგალითად, 5 თებერვალს გავაგზავნეთ დოკუმენტი, რომ ვაშენებთ სოციალურ სახლს, სადაც მიწის ნაწილი ჩვენია და ნაწილი სახელმწიფოსი. 800 ათას ლარიანი პროექტი  ჩავარდა წელს, იმიტომ, რომ მე ვერ მივიღე დოკუმენტი და ნებართვა. თუ მიწა არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ის უნდა ეკუთვნოდეს მუნიციალიტეტს. მე როგორ შევქმნა მუნიციპალიტეტის სტრატეგია, როდესაც არ ვიცი, ეს მიწა ვისია?

კონსტანტინე შარეშენიძე  – ოზურგეთის მუნიცპალიტეტის მერი: თვითმმართველობის განვითარების უმთავრესი პირობაა ადგილებზე ძლიერი ბიუჯეტების არსებობა და ასევე, ის, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონეთ საკუთარი ქონება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის განკარგავს. დღეს ამ მხრივ ძალზე რთული ისტუაციაა.

ეკონომიკის სამინისტრო, ფაქტობრივად, ხელს უშლის მუნიცპალიტეტებს საკთარ ტერიტორიაზე არსებული ქონების მოვლა-პატრონობაში. ოზურგეთის მუნიცპალიტეტმა ვერ მიაღწია იმას, რომ ქონება, რომელიც ნადგურდება და უფრო მეტიც, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, გადმოეცეს მუნიციპალიტეტს. ჩვენ ის მაინც უზრუნველვყოთ, რომ ეს ქონება დავშალოთ, სანამ უბედურება დატრიალებულა და ვინმე ნანგრევებში მოყოლილა.

კონკრეტული მაგალითია ქალაქ ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის გვერდით განთავსებული შენობა, რომელიც ამორტიზებულია, იშლება და ამასთან, ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. ეკონომიკის სამინისტრომ, ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად, არ გადმოგვცა და დღეს, ფაქტობრივად, უპატრონოდაა დარჩენილი.

ირაკლი კუჭავა (ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის მერი): ქონების გადმოცემის პროცესი დაჩქარებას საჭიროებს. მაგალითად, ჩვენთან ნაბეღლავის განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება, თუ იქ განთავსებული სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლება ექნება მუნიციპალიტეტს. ჩვენ შევძლებთ როგორც ინვესტიციების მოზიდვას ამ ქონების განვითარებისთვის, ისე მის გამოყენებას ადგილობრივი თემის საკეთილდრეოდ. ასე რომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგია ამ საკითხების გადაჭრაზე იქნება ორენტირებული.

მამუკა წოწერია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: მუნიციპალიტეტს ჰქონდა მცდელობა, თავად განეხორციელებინა გარკვეული ქონების რეგისტრაცია, თუმცა, ფინანსების არარსებობის გამო, ადმინისტრირება ვერ მოხდა. ეკონომიკის სამინისტროსთან ყოველთვის იყო პრობლემა ქონების გადმოცემა. რაც გადმოცემულია, ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, მისი რეალიზების, ან პრივატიზების საშუალება ჩვენ არ გვაქვს, სტრატეგიული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირი განკარგვის სიმბოლურ ფასად გადაცემის საშუალება მხოლოდ დედაქალაქს აქვს, ადგილობრივ თვითმმართველობებსაც უნდა ჰქონდეს ეს უფლებები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც უნდა იყოს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში. ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო დაქსაქსულად ყიდის მიწებს, აისახება სოფლის მეურნეობაზე.

ალექსანდრე გრიგალავა – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი: ფაქტობრივად, ვუყურებთ, როგორ გვენგრევა შენობები, რომელთა გამოყენება შეგვიძლია ჩვენ მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის. ფაქტობრივად, ეს შენობები არავის უნდა და ჩვენც ვერ ვსარგებლობთ და ამის მაგალითების დასახელებაც შემიძლია. მაგალითად, ავაშენეთ ახალი ბაღი, რომლის გვერდითაც არის მიგდებული შენობა და ვერაფრით მივაღწიე იმას, რომ ეს შენობა გადმოგვეცეს.

ლევან მაკალათია – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი: როდის არის ეკონომიკის სამინისტრო მზად იმისათვის, რომ ჩვენ მათ საკუთრებაში არსებული მიწები გადმოგვცეს? აუცილებლად სწრაფად უნდა განხორციელდეს პროექტი და ეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია. ფიზიკურ პირებს თუ შპს-ების წარმომაგენლებს უფრო მეტად უადვილდებათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ვიდრე ცენტრალურ მთავრობასთან, ამიტომაც მნიშვნელოვანია მიწების მუნიციპალურ საკუთრებად ქცევის საკითხი.

ირაკლი შენგელია – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:  ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც შეიძლება, პირდაპირ აისახოს მუნიციპალიტეტების შემოსავლებზე, არის მუნიციპალურ ტერიტორიაზე არსებული ქონების განკარგვის წესი. ჩვენ ვიცით, რომ მუნიციპალურ ტერიტორიაზე გვაქვს ბევრი ქონება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა. ამის გამო ინვესტორს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა უწევს.

ავთანდილ უგრეხელიძე – ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი: ტყის ფონდისა და ბუნებრივი რესურსების გადაცემის საკითხები რაჭის რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, უმნიშვნელოვანესია ქონების გადაცემის საკითხი, ვინაიდან აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს მის ტერიტორიაზე არსებული ქონების განკარგვა.

გიორგი კაპანაძე მცხეთის მერი:  მცხეთაში გვაქვს შენობა, რომელიც უსახურ შენობებში გადის. რამდენჯერმე უკვე მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს მისი გადმოცემის შესახებ. გვინდა ამ შენობის დემონტაჟი და გვყავს კიდეც ინვესტორი, რომელიც დემონტაჟსაც გააკეთებს და მშენებლობასაც დაიწყებს. ეს ტერიტორია თავის დროზე ეკუთვნოდა დაახლოებით 5-6 მოსახლეს, რომლებსაც დაპირდნენ, რომ შენობა აშენდებოდა და იმ შენობაში მათ მიეცემოდათ ფართები, მაგრამ ეს შენობა დღესდღეობით არის ამორტიზირებული, ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს და დღეს ვერანაირ პასუხს ვერ ვცემთ ჩვენ ამ მოსახლეებს შენობასთან დაკავშირებით.

ნანა ნანობაშვილი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა  და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: როდესაც საუბარია დეცენტრალიზაციაზე, თვითმმართველობას, უფლებამოსილებასთან და პასუხისმგებლობასთან ერთად, უნდა ჰქონდეს ფინანსური რესურსი, რომელსაც საკუთარი ნებასურვილით განსაზღვრავს. იმის მიუხედავად, რომ კანონით მუნიციპალიტეტებს მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის უფლება გააჩნით, პრაქტიკაში ამ უფლებამოსილებას ვერ ვახორციელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის საკუთრებაა, ნამდვილად მისი საკუთრება იყოს და გამიჯნული იყოს უფლებამოსილება ქონების კუთხით.

მრავალი წელია, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავი ვერ დააღწიეს, მათ წინ ბარიერად სწორედ ეკონომიკის სამინისტროა აღმართული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ და საკითხს მალე გადაწყვეტენ. „გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქონება მუნიციპალიტეტებს უნდა გადაეცეთ, უკვე მიღებულია, ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორი სახით მოხდება მისი გადაცემა. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან. მათ რიგ საკითხებზე აქვთ განსხვავებული მოსაზრება, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ არის საკითხები, რაზეც არსებობს თანხმობა. წინასწარ არ მინდა, რაღაც მოლოდინები გავაჩინო, თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით არის შემდეგი: მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს საქმიანობას, თუ მას არ ექნება შესაბამისი რესურსი და ქონება. ასე რომ, ამ ნაწილში, ცოტა დრო გვჭირდება, რომ უფრო კარგად დავარწმუნოთ ეკონომიკის სამინისტრო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გიორგობიანი.

როგორ ან როდის დასრულდება ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკება, ჯერჯერობით, უცნობია. სწორედ ამის გამო სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობენ, საქმიანობა შეჩერებული აქვთ. ახლა ყველა – ინფრასტრუქტურის სამინისტროც, ადგილობრივი თვითმმართველობებიც, ექსპერტებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმას ელოდებიან, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ამ ქვეყანის ქონების ყველაზე დიდი მესაკუთრეა.