2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიარიდი ლარის ინვესტირება იგეგმება

712

“სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება. 2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მილიარდი ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში”, -განაცხადა ვიცეპრემიერმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვისებამ 1 მილიარდ 662 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, როგორც ცქიტიშვილიმ განაცხადა, საქართველოს ყველა რეგიონში წლის განმავლობაში დასრულდა და მიმდინარეობდა 1 200-ზე მეტი პროექტი.

მისივე ინფორმაციით, საქვეუწყებო დაწესებულებების მიხედვით, გაერთიანებული წყლის კომპანიის ბიუჯეტი 31%-ით არის გაზრდილი და წელს 218 მილიონ ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება გაზრდილია 46%-ით და 400 მილიონ ლარზე მეტია. ყველაზე მოცულობითია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტია და 1.302 მილიონ ლარს უტოლდება, გასამმაგებულია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ბიუჯეტი და წელს იგი 39 მილიონი ლარია.