რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -“ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა

635

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებით – “ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა.

ღონისძიებაზე ქვემო ქართლშის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, ასევე, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

რეხვიაშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია იგეგმება, ამის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების თაობაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს. კერძოდ, თემატური პრეზენტაციები წარადგინეს: რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, არქეოლოგმა ნაზი პაჭიკაშვილმა, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სალომე კობაიძემ, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა, „დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის“ მმართველმა გოჩა კილაძემ, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარმა კურატორმა, იმირის გორის ექსპედიციის ხელმძღვანელმა მინდია ჯალაბაძემ.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენცია მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და არსებული პოტენციალის პოპულარიზაციას.

კონფერენციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.