ცქიტიშვილი: რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ

831

რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით  გამოსვლისას, განაცხადა, რომ რეგიონებში პროექტებს მთლიანად მუნიციპალიტეტები მართავენ, სამინისტრო კი ამონიტორინგებს და ეხმარება მათ.

“რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის განაწილების ფორმულა შევცვალეთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. ასევე, შემოვიღეთ სტიმულირების პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტებში 1 მაისამდე უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული კომპანიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხების 50% დაბრუნდება ფონდში და განაწილდება სხვა პროექტებზე. დამატებით თანხებს გადავანაწილებთ იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელთაც პროექტების, დაახლოებით, 75% ექნებათ დაკონტრაქტებული. ესაა დამატებითი სტიმული პროექტების ვადებში და ხარისხიანად გაკეთებისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა 2018-2019 წლების მონაცემები დეპუტატებს დეტალურად გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი მაჩვენებლები ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება.

“განხორციელებული ცვლილებები, როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიმართულებებით ხელს შეუწყობს ქართულ სამშენებლო სექტორს. 650 კომპანია მონაწილეობს რეგფონდის პროექტებში, საიდანაც 150-ზე მეტი ახალია და მანამდე არ ფიქსირდებოდა მუნიციპალიტეტების ტენდერებში“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.