ქობულია: ჩვენ ყოველთვის გადავცემთ თვითმმართველობას ქონებას, როცა ეს მიზანშეწონილია

1151

ჯერ კიდევ უცნობია, გადასცემს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას ადგილობრივ თვითმმართველობებს. როგორც droa.ge-სთან საუბარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, უწყება ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონებას მიზანშეწონილობის შესაბამისად გადასცემს.

“ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენ ყოველთვის გადავცემთ თვითმმართველობას ქონებას, როდესაც ეს არის მიზანშეწონილი”, – ასე გამოეხმაურა მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების მოთხოვნას მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად,  იუსტიციის, რეგიონული განვითარების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის გრაფიკი და წესი მთავრობისთვის 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა წარედგინათ, ამ მიმართულებით სამუშაოები 2 წლის შემდეგაც არ დაწყებულა. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სწორედ ამ საკითხს აყენებენ.

ეკონომიკის მინისტრი ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებს, გადაეცემათ თუ არა მუნიციპალიტეტებს სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ შორის, საძოვრები, რომელიც არაერთი მუნიციპალიტიტისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა. „ახლა შემუშავების პროცესში ვართ და ვნახოთ“,  – უპასუხა droa.ge-ს მინისტრმა.

როგორც ცნობილია, უკვე 7 თვეა, საქართველოს მთავრობა მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა. სტრატეგიის დღეს არსებულ პროექტში ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი ამ დრომდე არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები აცხადებენ, რომ სტრატეგიამ ქონების თვითმმართველობებისთვის გადაცემის საკითხები მკაფიოდ უნდა განსაზღვროს. ამასთან, მომდევნო 2 წლის სამოქმედო გეგმით უნდა გაიწეროს, თუ რა ვადებში რა კატეგორიის მიწა გადავა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მუნიციპალურ საკუთრებაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე უწყება საკითხზე მუშაობს და გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.