რას სთავაზობს ინვესტორი ზუგდიდს რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების სანაცვლოდ

1202
ზუგდიდში

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დეველოპერული კომპანია “m²“ ზუგდიდის სკეიტპარკის ტერიტორიაზე 130 ნომრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, სასტუმრო 3 000 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია გამწვანდება. კომპლექსის პროექტი სულ 10 000 კვადრატულ მეტრზეა გათვლილი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უნდა იყოს აუცილებლად ქალაქის ცენტრში. ადგილმდებარეობა მისაღები უნდა იყოს სასტუმროს მფლობელისთვის და ოპერატორისთვის. სასტუმროს სანაცვლოდ მზად ვართ ავიღოთ ვალდებულება, გადავიტანოთ ყინულის მოედანი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მუნიციპალიტეტი მიგვითითებს და გავწიოთ ის ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება მის გადატანასა და გაფართოებასთან. ამ ადგილას მოეწყობა სპორტული კომპლექსიც“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ პროექტის საჯარო განხილვაზე.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტები უნდა განხორცილდეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

“საუბარია საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროზე, რომელსაც სჭირდება 10 000 კვადრატული მეტრი. ასეთი მასშტაბური პროექტი აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზით. ჩვენთვის მნიშვნელოვნია საზოგადოების აზრი. ასეთ ფორმატში შეხვედრებით სრულ თანხვედრაში მოვიყვანთ ყველა ჯგუფის ინტერესს და განხორციელდება ის პროექტი, რომელიც დაამშვენებს ამ ქალაქს“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

მისივე თქმით, კომპანია 25 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, დაასაქმებს 150-მდე ადამიანს. ასევე მოამზადებს ტურიზმის სფეროში მომსახურე პერსონალს და ამისთვის ე.წ. შონიას ტექნიკუმის ბაზაზე გახსნის პროფესიულ კოლეჯს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.