მაია ცქიტიშვილი: “ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას”

774

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია გახდა და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ამის შესახებ განცხადება ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას გააკეთა.

“ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით, აღიარა ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში. კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა.

მისი თქმით, “სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა”.