ცქიტიშვილი: სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა

623

სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

“მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ სოფელში და თემში. წელს აღდგენილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა. პროგრამის ფარგლებში ორ თვეში უკვე 2 100-ზე მეტი კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ კონკრეტული მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები აირჩია. ასეთმა აქტიურობამ გამოიწვია ის, რომ გავაორმაგეთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს შეძლებს სოფელი მეტის გაკეთებას საკუთარი დასახლებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მითითებით, 15 იანვრიდან 1 მარტამდე 3700 სოფლის კრება ჩატარდება. დასაფინანსებელი პროექტები კი სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.