16 ივნისიდან პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

590

16 ივნისიდან პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  თბილისის მერმა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელებთან, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სამუშაოს მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

ნარმანიას თქმით, რეაბილიტაცია დროს სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, 16 ივნისს პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაცია მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ გამოცვლას, ისე გზის საფარისა და ტროტუარების მოწესრიგებას. სამუშაოს მასშტაბებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს პეკინის ქუჩის ცალკეული მონაკვეთების დაკეტვა, ამიტომაც, მოსახლეობას წინასწარ ვაფრთხილებთ, რათა თავიდან ავიცილოთ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამუშაოები სწრაფ ტემპში, 24-საათიან რეჟიმში წარიმართოს, რათა სექტემბერში, ვიდრე მოსახლეობა ქალაქში დაბრუნდება, ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებული და გადაადგილება თავისუფალი იყოს”, – განაცხადა თათბირზე ნარმანიამ.

საგზაო ინფრასტრუქტურა პეკინის ქუჩაზე 60 წელია არ შეკეთებულა.

GWP-ს ინფორმაციით, კომპანია სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს წყალსადენის ორ კილომეტრიან მაგისტრალურ ქსელს. წყალსადენის  გამანაწილებელი ქსელების  სამ კილომეტრიანი სიგრძის ძველი მილსადენები სრულად შეიცვლება ახლით. ასევე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების ინფრასტრუქტურული ელემენტები განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭებზე  ახალი, ევროსტანდარტის, ჰერმეტული და ბრენდირებული თავსახურები დამონტაჟდება. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბულ კოლექტორს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი, გერმანული  კომპანიების ექსპერტები განახორციელებენ. გარდა ამისა, მოეწყობა 600 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი, ასევე, ახალი საკონტროლო ჭები და ცხაურები.

პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე;  დაიგება ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სექტემბერში დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ განახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე შეიზღუდება.