თბილისის ბიბლიოთეკარები კახა კალაძეს თხოვნით მიმართავენ

844

თბილისის ბიბლიოთეკარები თბილისის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავენ, არ გაუქმდეს სსიპ-ი და მათი ა(ა)იპ-ში გადაყვანა არ მოხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბიბლიოთეკარების განცხადებით, სსიპ-იდან ა(ა)იპ-ში გადასვლის პროცესი წელს მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის მიერ გააქტიურდა, რომლის უკანაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დგას.

“ბატონო კახა, სსიპ- ის მთავარი ბიბლიოთეკების თანამშრომლების მიმართ, კვლავ დაიწყო გაურკვევლობა და უცნაური შემოთავაზება. არაუფლებამოსილი პირი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი შეხვედრებს აწყობს, ბიბლითეკების თანამშრომლებთან და ვითომ “ნებაყოფლობით“ გადასვლას ითხოვს სსიპ-იდან ა(ა)იპ-ში და ვერც ასაბუთებს რატომ. რა თქმა უნდა, მის უკან დგას თქვენი მოადგილე, სოფო ხუნწარია. ის, რაც ვერ შეძლო გასულ წელს, უნდა წელს განახორციელოს.

ბიბლიოთეკების თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფი, მოგმართავთ თხოვნით, არ გააუქმოთ სსიპ-ი და არ მოხდეს ჩვენი ა(ა)იპ-ში გადაყვანა. ეს იქნება დიდი შეცდომა, რადგან ბიბლიოთეკების განვითარებას ას წელზე მეტი ისტორია აქვს. ეს არის სახე ქალაქის, წიგნის კითხვის კულტურის ცენტრი და თავისი მუშაობის სპეციფიკით აბსოლუტურად განსხვავდება მედიათეკებისგან, რომელსაც ხუთი-ექვსი წლის შექმნის ისტორია აქვს. სსიპ-ის დატოვების შემთხვევაში, მზად ვართ საინიციატივო ჯგუფი, საბიბლიოთეკო დარგის გამოცდილი სპეციალისტები დაგიდგეთ გვერდში და ბიბლიოთეკებში თქვენთან ერთად განვახორციელოთ რეფორმა და სიახლეები“, -ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თბილისის ბიბლიოთეკარების საინიციატივო ჯგუფი ითხოვს პასუხს, რა უფლებით გადაეცა ნინია მაჭარაშვილს ბიბლიოთეკის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები. მათი განცხადებით, თუ ნინია მაჭარაშვილი ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან შეხვედრებს ისევ გააგრძელებს, ისინი სასამართლოს მიმართავენ.