ბათუმის მერია “ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

907

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ანთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შპს “ნარგულმა” ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და უფასო სასადილოებს, ცხენის ხორცი მიაწოდა.

“შპს “ნარგულმა” ბათუმში ბაღების გაერთიანებაში და უფასო სასადილოში ხორცის მიწოდებასთან დაკავშირებით ტენდერი მოიგო. როგორც გავიგეთ, ხორცი ამ დაწესებულებებში იგივე სასაკლაოდან შეაქვს, საიდანაც სამტრედიაში ცხენის ხორცი შეჰქონდა. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიამ ბათუმის ბაღების გაერთიანებასა და უფასო სასადილოებს ცხენის ხორცი მიაწოდა”,- განაცხადა ლევან ანთაძემ.

ბათუმის მერიამ  “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას სპეციალური განცხადებით უპასუხა. სადაც აღნიშნულია, რომ ბათუმის ბაღების გაერთიანება და უფასო სასადილოები საქონლის ხორცით მარაგდება და “ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავს.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის 24 საბავშო ბაღში აღსაზრდელები ვირისა და ცხენის ხორცით იკვებებოდნენ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მომმარაგებელი კომპანია შპს “ელენიკო” ბაღებს საქონლის ნაცვლად ვირისა და ცხენის ხორცს აწვდიდა.