ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში მწვანე სივრცეებს კაპიტალური მშენებლობისგან კანონი დაიცავს

1123

პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მალე “მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი.

“ტერმინი “მწვანე ხაზები“ ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული. კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს არის ასეთი ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი“, – განაცხადა კუჭავამ.

მდინარაძის თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა და ძალიან ხშირია, როცა ადამიანები პარკებსა თუ სკვერებში მშენებლობას აპროტესტებენ.

“ამ პროცესს ახალი ინიციატივით, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმევა. ტერმინი “მწვანე ხაზები“ დაიცავს პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება და მხარდაჭერის შემთხვევაში, იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტის საამაყო ნაბიჯი“, –  თქვა მდინარაძემ.