ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი 500 მილიონიანი სესხი გზებისა და წყალმომარაგების რეაბილიტაციას მოხმარდება

1602

წინა სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს  და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარეპროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. ბანკი საქართველოში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს, როგორც სატრანსპორტო, ისე წყალმომარაგებისადა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

“ევროპის საინვესტიციო ბანკმა, “საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის” ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე  გამოყო. ამ დაფინანსების ფარგლებში,  დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის და უბისა-შორაპანის სექციების მშენებლობა.

ბანკთან  დასრულდა კონსულტაციები  საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მილიონი ევროს გამოყოფაზე,

წყალმომარაგების სექტორში ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ქუთაისის წყალარინების პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც ბანკს გამოყოფილი აქვს 100 მილიონი ევრო. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ხელმოწერილია საგრანტო შეთანხმება 3 250 000 ევრომდე გრანტის გამოყოფის შესახებ. გარდა ამისა, პროექტის მხარდასაჭერად, უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება კიდევ ერთ საგრანტო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი გამოყოფს, დაახლოებით, 4 750 000 ევროს ოდენობის გრანტს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ბანკთან ხელმოწერილია ორი ჩარჩო შეთანხმება, რომელთა ფარგლებშიც ჯამში გამოყოფილია 200 მილიონი ევრო. პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალური გზები, საჯარო შენობები, საბავშვო ბაღები, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, წყლისა და მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურა, დაფინანსების სქემები დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას.

EIB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა მიმართული, საიდანაც გზების სექტორზე -750 მილიონი ევრო , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის სექტორზე – 200 მილიონი ევრო, ხოლო წყლის სექტორზე – 180 მილიონი ევროა გათვალისწინებული”, – განმარტავენ სამინისტროში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებით, შემცირდება მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო, გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, განვითარდება  ტურიზმი და საერთაშორისო მიმოსვლა. მუნიციპალური და წყალმომარაგება-წყალარინების პროექტები კი,გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის პერიოდში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

EIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მხარდასაჭერად, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს გრანტებსროგორც ინფრასტრუქტურული ნაწილის, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების ღონისძიებების დასაფინანსებლად.

ამასთან, ცნობილია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ინვესტიციების მოძიებაში დაეხმარება.