აუდიტის სამსახური: საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიწის მოიჯარეები ფულს არ უხდიან

957

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებს ეხება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიწის მოიჯარეები ფულს ძირითად შემთხვევაში არ უხდიან.

დასკვნაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტს იჯარით გაცემული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 42 ნაკვეთი (საძოვარი), რომელთა ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზროსთან შედარებით. აგრეთვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიუღებელია საიჯარო გადასახადები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად.

დასკვნის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული იყო 56 ობიექტი, მათ შორის 51 − 2009-2013 წლებში გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებია (საძოვარი), საერთო ფართობით −4,733.1 ჰა. იჯარით გაცემული საძოვრების უმეტესობის (42 ნაკვეთი) წლიური ღირებულება, 1 ჰექტრზე შეადგენს 2.1 ლარს.

“მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე განისაზღვრა საიჯარო გადასახადის ოდენობა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საიჯარო ფასები, სავარაუდოდ, იმ პერიოდში განისაზღვრა, როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიწის ფართზე (საძოვრებზე) დადგენილი ქონების გადასახადი, ჰექტარზე 2 ლარს შეადგენდა.

2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული საიჯარო შემოსავლების შესწავლით გაირკვა, რომ მოიჯარეებს საიჯარო ქირა ფაქტობრივად არ გადაუხდიათ. კერძოდ, 2016 წელს 51 მოიჯარიდან, საიჯარო ქირა გადახდილია მხოლოდ 2 მოიჯარის მიერ და შეადგინა 0.4 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს 6 მოიჯარის მიერ გადახდილია 2.6 ათასი ლარი. 2016-2017 წლებში საიჯარო შემოსავლების სახით მიუღებელმა თანხამ შეადგინა 20.0 ათასი ლარი, ხოლო მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულებით გაცემის შემთხვევაში, მისაღები შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარეები არ იხდიან საიჯარო ქირას, ღონისძიებები არსებული პრობლემის მოსაგვარებლად არ განხორციელებულა. გარდა ამისა, მოიჯარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, ხოლო 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, უქმდება ხელშეკრულების მოქმედება. თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ბერკეტები გამოყენებული არ არის. ამასთანავე, მოიჯარეების მიერ მიწის ფართებით სარგებლობა დასტურდება იმ გარემოებით, რომ მოიჯარეების დიდ ნაწილს გადახდილი აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების გადასახადი”,- ნათქვამია დასკვნაში.

იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამებოდა საიჯარო ფასები საბაზროს, აუდიტის ჯგუფმა დამატებითი აუდიტორული პროცედურების შედეგად მოიჯარეების მიერ მიწის ფართების ქვეიჯარით გაცემის ხელშეკრულებები მოიპოვა.

“შედეგად დადგინდა, რომ საბაზრო ღირებულება 1 ჰექტარზე მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ფასებს. კერძოდ, მოიჯარეს 2010 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 2 ნაკვეთი − 70 ჰექტარი და 6.5 ჰექტარი, წლიური ღირებულებით − 147 ლარი და 14 ლარი, რომლებიც 2012 წელს გასცა ქვეიჯარით, წლიური ღირებულებით − 2750 ლარი და 250 ლარი, ანუ თითოეული ფართი გაცემულია დაახლოებით 18-ჯერ მეტი ღირებულებით”,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.