ზუგდიდის მერიის შპს-ს დირექტორი: კომპანიებში წილი მე არა, მაგრამ ჩემს ცოლს აქვს

749

წინა სტატია

“ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირადად მას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ნახსენებ კომპანიებთან, რომლებიც ადგილობრივ ტენდერებს იგებენ, კავშირი არ აქვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ბადრი ნემსაძის თქმით, ვიდრე მოქმედ თანამდებობაზე შეუდგებოდა მუშაობას, “ზუგდიდავტოტრანსის“ მფლობელი იყო, რომელიც შემდგომ ცოლს გადაუფორმა და დღეს შპს-ში წილი ცოლთან ერთად ცოლის დეიდაშვილსაც აქვს. ამბობს, რომ წლიური შემოსავალი შარშან 3 თუ 5 ათასი ლარი ჰქონდა. მისივე განმარტებით, კომპანია ძირითადად შუამავლის ფუნქციას ასრულებს, მანქანა კი მძღოლს ეკუთვნის, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს.

რაც შეეხება “სუფთა ქალაქს“, მისი თქმით, იქ წილებს მისი ცოლი და ცოლის და ფლობენ. აქაც, მისი ინფორმაციით,  შემოსვალი წელიწადში საშუალოდ 5 ათასი ლარია და ამატებს, რომ ახლახანს ერთ-ერთ ტენდერშიც მიიღო კომპანიამ მონაწილეობა, თუმცა წააგო.

ხოლო, რაც შეეხება “ზუგდიდავტოტრანჯორჯიას“ ნესმსაძის მტკიცებით, მასთან შეხება არ აქვს და განმარტავს, რომ ხელმძღვანელად ცოლის დეიდაშვილი მუშაობს.

ეთანხმება თუ არა ეჭვებს, რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია საუბრობი, ამბობს, რომ კი, ეჭვს იწვევს და ეს ესმის კიდეც, თუმცა ვითარება სინამდვილეში განსხვავებულია.

რატომ იმარჯვებს ჩამოთვლილი სამი კომპანია ტენდერებში და ხომ არ უკავშირდება ეს მის და მისი ცოლის ფაქტორს, აღნიშნა, რომ არ აქვს იმდენი გავლენა ზუგდიდში და ზუგდიდის მერიაში და არის მხოლოდ “ოცი მანქანის უფროსი“ და არა ტრანსპორტის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში.

რატომ არ მიუთითა დეკლარაციაში კომპანიებისგან მიღებული შემოსავალი, განმარტა, რომ მწირი თანხების გამო საჭიროდ არ ჩათვალა.

“არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და შეიძლება მეც შემეშალა. ახლა ხომ არის ისევ ჩასაწერი, მარტამდე გვაქვს ვადა და ჩავწერ“, – ამბობს ბადრი ნემსაძე.

ზუგდიდის მერიაში კი აცხადებენ, რომ სატენდერო კომისია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

“ინტერესთა კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ ამბობენ, რომ მუნიციპალური კომპანიის დირექტორის და მისი ცოლის ტენდერებში გამარჯვება ეჭვებს ბადებს. კერძოდ, მათი თქმით, “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძის და მისი ცოლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები – “ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, “ზუგდიდავტოტრანსი” და “სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.

შედეგად 2011-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან და ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიული პირებთან ტენდერების და პირდაპირი შესყიდვების სახით 614 502 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.