ქუთაისში საჯარო სივრცეების შშმ პირებზე ადაპტირება იგეგმება

765

ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც მერიაში განმარტავენ, შეხვედრაზე ქალაქში არსებული საჯარო სივრცეების ადაპტირების საკითხები განიხილეს.

“გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ (DGG), დანიის მთავრობის დაფინანსებით, გეგმავს დახმარება გაუწიოს ქუთაისის მერიას ქალაქის ცენტრალური/ისტორიული უბნის შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტირებაში.

დახმარების ფარგლებში მოხდება: ქუთაისის ცენტრალურ/ისტორიულ უბანში, სადაც ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობაა განთავსებული, შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა, მათი მოგვარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და ამ პრობლემების შესაბამის რუკაზე დატანა. უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები. UNDP DGG-ის მხარდაჭერის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ, განსაზღვრული ადგილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, გარემოს შშმ პირებზე ადაპტირებისთვის საჭირო თანხებს ქუთაისის მერია მომავალი წლის ბიუჯეტში გამოყოფს. ამავე დროს, ქუჩების უნივერსალური ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შექმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სამომავლოდ ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გაითვალისწინებს, მერიას საშუალებას მისცემს პროცესი უფრო ეფექტიანი გახადოს”, – აცხადებენ მერიაში.