აუდიტის სამსახური: “საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის 741.7 ლარი არ გადაუხდია

878

“საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

:სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს “საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2.1 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში “საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ 1.36 მილიონი ლარია გადახდილი. შესაბამისად “საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია, თუმცა მუნიციპალიტეტის მხრიდან აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არ არის გატარებული.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის შემოსულობებში მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით მიღებულ შემოსავლებს უკავია. მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ერთ-ერთი ძირითადი გადამხდელ კი “საქნახშირია“. 2016 წელს შპს-მ მოსაკრებლის სახით, 778.4 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს 579.8 ათასი ლარი გადაიხადა”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, შპს “საქნახშირს“ 2016 წელს მიღებული ჰქონდა 980 ათასი ტონის, ხოლო 2017 წელს 1.12 მილიონი ტონის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ლიცენზია. კანონმდებლობის მიხედვით, 1 ტონა ნახშირის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1 ლარს.

სახელმწიფო აუდიტი რეკომენდაციას იძლევა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ/საკრებულომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, შეისწავლოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრირების საკითხი. მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, იმუშაოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით, საკითხის სამართლებრივად დასარეგულირებლად.