მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებას თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

765

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის (თელავი, გორი, მცხეთა, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, ზუგდიდი) სტატუსის ჩამორთმევის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. პროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში 14 მუნიციპალიტეტი 7 ერთეულად გაერთიანდება.

ცვლილებების თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება და მის რეგიონულ ცენტრად ქალაქი ზუგდიდი განისაზღვრება.

საკითხის მომხსენებელი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი. გულედანის განცხადებით, აღნიშნული მუნიციპალიტეტების შერწყმით დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯები და თავიდან იქნება აცილებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (აიპი) დუბლირება.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთ საკითხს დაუჭირეს მხარი. კანონპროექტში განხორციელდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები, კერძოდ, კოდექსის მთელ ტექსტში, ტერმინი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ იცვლება ჩანაწერით „მერი“ და „მერია“.

კახაბერ გულედანის განცხადებით, მერსა და გამგებელს იდენტური უფლებამოვალეობები ჰქონდათ და შესაბამისად საჭირო გახდა საერთო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება.

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა არაერთხელ გაავცელა მიმართვამთავრობის და ადგილობრივი ხელიუსფლების მიმართ. ისინი მოუწოდებდნენ მთავრობას, რომ არ მოხდეს მუნიციპალიტეტების გაერთიანება. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის თემის და ქალაქის საკრებულობემა წინადადება მოიწონეს.