სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს (ფოტო/ვიდეო)

1483

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე

“ტყეში კი ვცხოვრობთ, მაგრამ მგლები ხომ არ ვართ, კულტურა ჩვენც გვინდა”,- არზნე სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი სოფელია, სადაც 37 წელია, სკოლის აშენებას უშედეგოდ ითხოვენ.

თინა

სოფელში ყველაზე ადრე ის იღვიძებს, თითქმის უთენია, მამლის ყივილთან ერთად. ჩქარობს, შეშა დაჩეხოს, ღუმელი აანთოს და ბავშვებს სითბო დაახვედროს. 75 წლის თინა შაინიძე არზნის დაწყებითი სკოლის დარაჯიცაა, დამლაგებელიც და მეპატრონეც. იმის გამო, რომ სოფელს სკოლის შენობა არ აქვს, 37 წელია, არზნელი მოსწავლეები თინა ბებოს სახლის ერთ ოთახში სწავლობენ.

“40 ლარს მიხდიან, მაგრამ ამაზეც თანახმა ვარ, არ გვინდა სოფელი სკოლის გარეშე დარჩეს. წლებია ვიბრძვით გვინდა, რომ სოფელს სკოლა ჰქონდეს, მაღალმთიანი დასახლებაა და ყველა კულტურას ვართ მოკლებულები. მერიაც შევაწუხეთ, მაგრამ გვითხრეს ჯერ სხვა სოფლებში კეთდება სკოლაო. თქვენი “სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში” გამოყოფილი თანხა კი არ ეყოფა, ევროსტანდარტებით უნდა აშენდესო. ამათი ევროსტანდარტები როდის გვექნება ჩვენ?“

არზნეში აჭარიდან და რაჭიდან გადმოსახლებულები ცხოვრობენ. 20–კომლიანი სოფელი ყოველწლიურად იზრდება, ზოგ ოჯახს ოთხი, ზოგს კი ხუთი შვილი ჰყავს. არც მაღაზია აქვთ, არც საბავშვო ბაღი და არც სამედიცინო პუნქტი. უახლოეს სოფლამდე სამი-ოთხი კილომეტრია, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო გზა ხშირად /იკეტება.

“ბიბლიოთეკა იყო და წაიღეს, სკოლის შენობა არ გვაქვს, არც ფეხბურთის მოედანი. ტყეში კი ვცხოვრობთ, მაგრამ მგლები ხომ არ ვართ. კულტურა ჩვენც გვინდა. სად უნდა ვატაროთ პატარა ბავშვები ამხელა გზაზე?! სოფელში სკოლა რომ არ დახურულიყო და საკმარისი მოსწავლეები გვყოლოდა, შვილიშვილები ჩამოვიყვანე ქობულეთიდან. ერთ–ერთი მასწავლებელი ჩემი შვილია, მეზობელი სოფლიდან დადის”, – გვიყვება თინა შაინიძე.

სკოლას მის სახლში თავიდან მოზრდილი ფართი ეთმობოდა, თუმცა შაინიძეების ოჯახი გაიზარდა და სკოლაც შედარებით პატარა ოთახში გადავიდა.

სკოლა რვა კვადრატში

სოფლის ცენტრში, ხევის პირას მდგარი ორსართულიანი სახლის ყველაზე პატარა ოთახში ხუთი მოსწავლეა – მაიკლი, ლაშა, ნიკა, თიკა და ციცინო. საკლასო ოთახსაც ვერ დაარქმევ, ასე, რვა კვადრატი თუ იქნება და ხუთ მერხს, მასწავლებლის მაგიდას და ღუმელს ძლივს იტევს.

გაკვეთილები თინა ბებოს ოთახში 09:30 საათზე იწყება. მაიკლი, ლაშა, ნიკა, თიკა და ციცინო ვიწრო კლასში სათითაოდ შედიან. ციცინო და მაიკლი მეორე კლასში არიან, ლაშა, ნიკა და თიკა – მესამეში.

ხუთივეს ერთი სურვილი აქვს – სკოლა დიდი და ნათელი საკლასო ოთახებით.

“მინდა დიდი სკოლა, ჩემს კლასელებთან ერთად ვითამაშებ დასვენებაზე, აქ რომ ვერ ვეტევით მარტო დაფაზე ვხატავთ, ზოგჯერ გარეთ გავდივართ ბურთის სათამაშოდ, მაგრამ ეზო შემოღობილი არ არის და ბურთი ღელეში გვივარდება“, – გვიყვება რვა წლის მაიკლი.

ახალ კლასზე და ოთახში გაკრულ თავის ნახატებზე ოცნებობს ნიკაც: “ნახატებს გავაკრავთ და გავალამაზებთ ოთახებს, ჩემს და–ძმასაც მოვიყვან სკოლაში. რომ გავიზრდები, მეც მასწავლებელი გამოვალ“.

სოფლიდან სოფელში

არზნეს დაწყებით სკოლას ორი მასწავლებელი ჰყავს, ორივე მეზობელი სოფლიდან.

“სოფელიც მიყვარს და ბავშვებიც, აქ არაფერია გარდა ამ პატარა სკოლისა, ამიტომ ვერ ვტოვებ. ისეთი ვიწრო ოთახია, ვერ მოძრაობენ ბავშვები, ჯგუფურად ვერ ვამუშავებ, ვერც კი თამაშობენ. დასვენებაზეც ვერ ვშორდები, რომ არ წაიქცნენ ღუმელთან. შებოჭილები არიან, გარეთ გასვლისაც გვეშინია, არ გვინდა, გაცივდნენ“, – გვეუბნება მანანა შაინიძე, ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელიც ფლატედან ყოველდღე ფეხით დადის.

შორ გზაზე სიარული უწევთ უფროსკლასელებსაც. თინა ბებოს ოთახში მოწყობილი სკოლა დაწყებითია, ამიტომ ისინი სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოზარდებს მანქანა ემსახურება, თუმცა ადგილობრივებს, დაწყებითი კლასის მოსწავლეების სხვა სოფელში ტარება არ უნდათ.

“მეექვსე კლასშია პირველი შვილი და ის მლაშეში დადის, მეორე კი მესამე კლასელია, ძალიან ცელქი ბავშვია მირჩევნია დაწყებითი კლასები აქ ისწავლოს, ხშირად ჩამოვალ და დავხედავ, უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ“, – ამბობს ნატალია შავაძე.

განსაკუთრებით უჭირს მაია სურმანიძეს – უფროსი შვილი მლაშის საჯარო სკოლაში სწავლობს, შუათანა არზნეში, პატარა კი, რომელიც ბაღის ასაკისაა, ყოველდღიურად სოფელ ზარზმის ბაღში დაჰყავს. ზარზმა არზნედან 10 კილომეტრშია: „ვინც კი სოფელში ამოვა, ყველას სკოლის შენობის აშენებას ვთხოვთ, ჩვენი სადარდებელი ესაა. ყოველდღე ვნერვიულობ როგორ მოვლენ ბავშვები სახლში“.

მეორეკლასელი შვილის მეზობელი სოფლის სკოლაში გაშვების ეშინია რუსუდან მარკოიძესაც: „სოფლის ავტობუსს კი დაჰყავს ბავშვები, მაგრამ ჯერ მაინც მირჩევნია მეოთხე კლასამდე აქ, სოფელში ისწავლოს. არადა, ისეთი პატარაა ეს ოთახი, მშობელთა კრებაზე რომ მივდივართ მასწავლებელი უხერხულადაა, ყველანი ფეხზე ვდგავართ“.

სკოლა ისევ თინას ოთახში რჩება

მუნიციპალიტეტებში ახალ სკოლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. უწყებაში გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით, არზნე გეგმაში არ აქვთ.

ადგილობრივებმა სოფლის ყველაზე მთავარი პრობლემის მოგვარება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თანხითაც სცადეს, თუმცა ადიგენის მერიაში არზნელებს განუმარტეს, რომ ამ 10 200 ლარით სკოლის აშენება შეუძლებელია.

სოფლის სკოლას არათუ ფართი, ინვენტარიც კი არ აქვს თავისი. ინვენტარით და შეშით მლაშის სკოლა ამარაგებს. ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ინგა ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ არზნის დაწყებით სკოლაზე ოფიციალურად არანაირი ფართი არ არის რეგისტრირებული, რის გამოც სკოლა დანამატს ვერ იღებს. “ამისთვის საჭიროა, მეპატრონემ ფართი დროებით სარგებლობაში გადასცეს სკოლას და ეს დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში“.

თინა შაინიძე ამბობს, რომ დროებით სარგებლობაში გადაცემაზეც თანახმაა და იმაზეც, რომ სკოლას თავისი მეორე სახლი შეღავათიან ფასად დაუთმოს, თუკი სახელმწიფო მის დაქირავებას მოინდომებს.

არზნელები ახლა იმას ითხოვენ, სკოლას, დროებით, ცოტა დიდი ფართი მაინც გამოუძებნონ. არასახარბიელო პირობებისა და სივიწროვის გარდა მშობლებსაც და მასწავლებლებსაც კიდევ ერთი სადარდებელი გაუჩნდათ – არზნის დაწყებით სკოლაში, რომლის ერთადერთი საკლასო ოთახიც ხუთ მოსწავლეს ვერ იტევს, მომავალ სასწავლო წელს ექვსი პირველკლასელი შედის.