316 მილიონი რუბლი – ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის ვალის გადახდას ვერ ახერხებს

690

რკინიგზაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რუსეთიდან აღებული კრედიტის დაფარვას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ვერ ახერხებს.

მიმდინარე წელს სოხუმს მოსკოვისთვის 316 მილიონი რუბლი უნდა გადაეხადა, რაც კრედიტით აღებული თანხის უმეტესი ნაწილი და დაგროვილი პროცენტის ჯამი იყო. სანაცვლოდ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ მოსკოვს ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა 2029 წლამდე.

ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება დე ფაქტო პარლამნტში დღეს განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ რეგიონს მიმდინარე წელს, 316 მილიონი რუბლის ნაცვლად, 109 მილიონის გადახდა მოუწევს.

დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა კრედიტორებს შეღავათისთვის მადლობა გადაუხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან დავალიანების თანხის სრულიად ჩამოწერის იმედი ჰქონდათ.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ე.წ. პარლამენტში, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ დავალიანების ჩამოწერის საკითხი არაერთხელ იყო დასმული და ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„პირველ ეტაპზე მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია. ერთბაშად დავალიანების ჩამოწერა არასდროს ხდება. მას შემდეგ, რაც დაიწყება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, უკვე შემდგომ შეიძლება დადგეს ვალის პატიების ან მისი გადახდის უუნარობის დამტკიცების საკითხი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავალიანების ჩამოწერაზე საუბარი. 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, აფხაზეთმა კრედიტორებს უკვე გადაუხადა 447 მილიონი რუბლი, საიდანაც 158 მლნ რუბლი პროცენტია“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ე.წ. პარლამენტში, სერგეი შამბამ.

ე.წ. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 2010 წელს რუსეთის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს შესთავაზა საექსპორტო კრედიტი – 2 მილიარდი რუბლის ოდენობით, რეგიონში სარკინიგზო ხაზის აღსადგენად. სამუშაოებზე რუსული კომპანიები იყო დასაქმებული.

სამუშაოები 2010-2011 წლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მისი შესრულების ვადები 2013-მდე გახანგრძლივდა, კრედიტის დაფარვის ვადამ კი 2021 წლამდე გადაიწია.

2017 წლის მარტში კი რუსეთის ხელისუფლებასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს შორის N2 პროტოკოლი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კრედიტის რესტრუქტურიზაცია მოხდა და ვალის დაფარვის ვადამ 2023 წლიდან 2029-მდე გადაინაცვლა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი