ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის ყოფილი უფროსი დააკავეს

986

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ყოფილი დირექტორი გელა გაგუა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით  თანხის გაფლანგვისთვის დააკავეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ფაქტზე ააიპ ,,სპეციალური სერვისების” ყოფილი დირექტორი გ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ყოფილი დირექტორის გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ “სპეციალური სერვისების” მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი.

გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გასული წლის დასაწყისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის საკითხით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა.

ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” მიერ ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია, თავდაპირველად, ქუთაისის რაიონულ პორკურატურას ორგანიზაციის ახალმა უფროსმა, ზვიად მანდარიამ გადაუგზავნა. შედეგად, საქმეზე ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

როგორც ირკვევა, “სპეციალურმა სერვისებმა”, რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. პროექტის მიმდინარეობის დროს კი ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გელა გაგუა ფინანსურ დოკუმენტებსაც არ აფორმებდა.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ყოფილმა დირექტორმა გელა გაგუამ თანამდებობა 2017 წლის ნოემბერში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გელა გაგუა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ხელმძღვანელად 2014 წელს დაინიშნა.