თბილისში საინფორმაციო ბანერებით მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ

1465
ნარჩენების დახარისხება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა.

მერიის ცნობით, საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები.

დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. როგორც მერიაში განმარტავენ, ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს, თბილისის მერიის ინფორმაციით, ისინი მეტროსადგურ “სამგორთან“, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე; რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, “კოკა-კოლას” ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ “ღრმაღელესთან” არის განთავსებული. ასევე, ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.

ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, “თბილსერვის ჯგუფის”, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.