თეთრი ხიდის შავი დღეები

2172
თეთრი ხიდი ახლა ასე გამოიყურება

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ია ასათიანი

თეთრი ხიდის ამბავს ყველა გაიგებდით. ის ხიდია, ქუთაისში, ხშირად რომ არემონტებენ და მაინც სულ რომ გასარემონტებელია.

1.5 საუკუნისაა. ხან რკინის იყო, ხან ხის, ხანაც ბეტონის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს. ამ ბოლო წლებში გულიანად შეკეთებას ვერ ეღირსა.

ბოლო ორ ათწლეულში იმაზე მეტჯერ გაარემონტეს, ვიდრე 140 წლის მანძილზე ერთად აღებული. 2011 წელს ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტში ისიც მოყვა. მაშინ მხოლოდ ხიდის შეკეთებაზე 136 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ერთწლიანი საგარანტიო ვადა ჰქონდა. ხალხის მოწონება აკაციის დეკის ახალმა საფარმაც ვერ დაიმსახურა, რომელიც მალევე დატყდა. ქუთაისურ ქარს ეგ გაუძლებდა?! დროდადრო პატარ-პატარა დაზიანებებს შველოდნენ ხოლმე.

ქალაქის დღევანდელმა მმართველებმაც გადაწყვიტეს, თეთრი ხიდი კიდევ ერთხელ გაერემონტებინათ. ხიდის ესკიზის შექმნაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. მერმა თქვა, ახალი კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შევათანხმეთო.

ესკიზის მიხედვით, თეთრი ხიდი ასეთი უნდა ყოფილიყო

ქუთაისის ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა ხიდმა ახალი პროექტის მიხედვით იერსახე კვლავ შეიცვალა და ხის ზედაპირი მინის ფილებით, თეთრი დეკორატიული ქვებითა და ლითონის ზედაპირით ჩანაცვლდა. ესკიზი სამოქალაქო სექტორის ნაწილმა გააპროტესტა. მათი აზრით, აჯობებდა, ხიდს ისტორიული იერსახე შეენარჩუნებინა. მინის ზედაპირი კი ამ მოთხოვნას ვერ აკმოყოფილებდა. დაიწუნეს იმიტირებული თეთრი ქვებიც, რომელიც ხიდზე, მინის საფარზე უნდა განლაგებულიყო. მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქუთაისის მერიამ შესყიდვა 2018 წლის მარტში მაინც გამოაცხადა. მონაწილეები არ გამოჩნდნენ, ამიტომ ტენდერი ჩაიშალა.

მერია არ დანებდა, შესყიდვა ისევ გამოაცხადა. ამ შემთხვევაში სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ერთმა, ყაზახური კომპანიის ფილიალმა გამოთქვა. ტენდერის მოთხოვნების შესაბამისად, კომპანიას ხიდის რეაბილიტაციის გამოცდილება უნდა ჰქონოდა. “ალმა-რუს საქართველოს ფილიალს” კი იმ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ერთი, ფოთში ბაღების გამრიცხველიანების პროექტი ჰქონდა შესრულებული.

ფილიალმა მერიას წარუდგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ დამფუძნებელმა კომპანიამ ყაზახეთში 2016 წელს ხიდი შეაკეთა.

თეთრი ხიდი ახლა ასე გამოიყურება

აქაური ფილიალი 2018 წლის თებერვალში დაფუძნდა. შესაბამისად, ყაზახეთში 2016 წელს მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მაშინ რატომ არ გაითვალისწინა ქუთაისის მერიამ ეს ყველაფერი და ამით ხომ არ დააყენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მომავალიც საფრთხის ქვეშ?

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე გვიხსნის, რომ ეს გავრცელებული ტენდენციაა და ფილიალს მთავარი კომპანიის სამუშაო გამოცდილება ეთვლება. დაგვიდასტურეს ისიც, რომ ტენდერის მიმდინარეობისას კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა. შესაბამისად, მთავრობაში ეჭვი არ გასჩენიათ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროს ანალიტიკოსს, ბესო ნამჩავაძეს ვკითხეთ, უნდა ჩაეთვალა მერიას ყაზახეთში ხიდის პროექტის შესრულება აქაური ფილიალის გამოცდილებად თუ არა? ნამჩავაძემ აგვიხსნა, რომ ასეთ შემთხვევაში მერიას უნდა შეესწავლა აქაური კომპანიის გუნდის კვალიფიკაცია და ისიც, მუშაობდა თუ არა იგივე ხალხი ყაზახეთში განხორციელებულ პროექტზე. ამ გზით თავიდან აიცილებდა მოგვიანებით წარმოქმნილ პრობლემებს. გარდა კვალიფიკაციისა, ნამჩავაძე პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას დაფინანსება გაუზარდეს.

“თავიდანვე რომ 464 ათასი ლარი დაესახელებინათ ამ სამუშაოს ღირებულებად, შესაძლოა, სხვა კომპანიასაც მიეღო ტენდერში მონაწილეობა და უფრო კონკურენტული გარემო შექმნილიყო”,- გვეუბნება ნამჩავაძე.

რაც არის, არისო, იფიქრეს მაშინ მერიაში და “ალმა-რუს საქართველოს ფილიალს” ხელშეკრულება გაუფორმეს. სამუშაოების დასასრულებლად 2 თვე მისცეს და 436 ათას ლარსაც დაჰპირდნენ.

კომპანიამ სამუშაოების დასრულების ვადა მერიას სამჯერ გადააწევინა, საბოლოოდ კი 5 ნოემბერზე შეთანხმდნენ. ასევე 28 ათასი ლარით გაიზარდა სამუშაოების ღირებულებაც. ფასის გაზრდას კომპანიაში დიზაინის ცვლილებით ხსნიან. “ალმა რუსმა” მერიასთან და პროექტის ავტორთან შეთახმებით შეიტანა ცვლილებები ხიდის ესკიზში: მომრგვალებული მინის ფილები ოთხკუთხა მინებით შეცვალეს, დეკორატიული თეთრი ქვები კი ჩამოსაჯდომი ქვებით. კომპანია ამტკიცებდა, რომ მომრგვალებული მინისა და ლითონის საფარი არღვევდა რკინის კონსტრუქციის ერთიანობას და ოთხკუთხედი ფორმები უფრო მყარი იქნებოდა.

ვადებისა და თანხის მომატების მიუხედავად, “ალმა რუს საქართველოს ფილიალმა” სამუშაოები 5 ნოემბერს მაინც ვერ დაასრულა. თუმცა, მერმა 3 ნოემბერს ხიდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თანამედროვე საბალეტო დასის პერფორმანსის ფონზე გახსნა.

ხიდი კი გახსნეს, მაგრამ ვადაგადაცილების გამო მერიამ “ალმა რუს საქართველოს ფილიალი” 20 ათასი ლარით დააჯარიმა. 5 დეკემბერს კი კონტრაქტი ცალხმრივად შეუწყვიტა. ასე რომ, დაპირებული 464 ათასი ლარიდან ქალაქის მთავრობამ კომპანიას მხოლოდ 295 ათასი გადაურიცხა.

ორი თვის წინ ქუთაისის მთავრობამ, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, კომპანიასთან სამართლებრივი დავა დაიწყო და მისგან 185 ათასი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს.


როგორ შევამჩნიოთ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები შეუიარაღებელი თვალით?

მარტივად: ფილები, რომლითაც ხიდის ზედაპირი მოაპირკეთეს, დაიჟანგა და საღებავი აძვრა. საღებავის გარდა, თვითონ ფილებიც არ იყო მყარად დამაგრებული და გახსნიდან 2 დღეში აქა-იქ აძვრა, დაიბზარა მინა, რომელიც დიზაინის შემადგენელი ნაწილია. ბოლოს კი ხიდის ზედაპირი მოიყინა და ფეხითმოსიარულეთათვის რთულად გადასავლელი გახდა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რკინის ფილებზე ამოტვიფრეს ქუთაისისადმი მიძღვნილი ლექსების სტროფები და ავტორები აერიათ. ამ ამბავსაც გაიგებდით.

თავდაპირველი ესკიზის მიხედვით, ხიდზე თეთრი ქვებიც უნდა განლაგებულიყო. კომპანიამ ეს ქვები ხიდთან 5 დეკემბერს საღამოს მიიტანა. მერიამ ხელშეკრულება სწორედ ამ დღეს შეწყვიტა და კომპანიამ მათი მინებზე დადგმა ვეღარ მოასწრო. მერიამ კომპანია 2,000 ლარით დააჯარიმა, რადგან მათი მტკიცებით ქვები გზას ხერგავდა, თანაც კომპანიას იქ მუშაობის უფლება უკვე აღარ ჰქონდა. სასამართლომ ჯარიმა 9 იანვარს გააუქმა. “ალმა რუს საქართველოს ფილიალის” წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ იმ ტერიტორიიდან ქვები მერიის დაკვეთით გაიტანეს და დღემდე არ იციან, სად წაიღეს. მერიაში კი გვეუბნებიან, რომ კომპანიამ ძალიან კარგადაც იცის სად დააწყვეს ხიდზე დასალაგებელი ქვები და აღარ მიაქვთო.

მას შემდეგ, რაც ხიდის ავკარგიანობა ყველასთვის ხილული გახდა, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ კომპანია არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებში დაადანაშაულა. რკინის ფილებზე გამოყენებული ლაქის ფასზეც კი ისაუბრა. არადა, მერია კომპანიას თანხას ნაწილ-ნაწილ, მას შემდეგ ურიცხავდა, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს ექსპერტი შეამოწმებდა. კითხვაზე, თუ უხარისხოდ არის შესრულებული სამუშაოები, რატომ ურიცხავდნენ “ალმა რუს საქართველოს ფილიალს” თანხას 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მერიაში გვიპასუხეს, რომ სამუშაოები უხარისხო კი არა, დროში გაწელილი და დაუსრულებელია.

ხიდზე დამაგრებულ მინებში თუ ჩაიხედავთ, თეთრ ქვებზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებს ნახავთ. კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ სტურუამ გვითხრა, რომ ნარჩენების მცირე ნაწილი შემთხვევით ჩაიყარა რიონში, რადგან სხვაგვარად არ გამოდიოდა. ძირითადი სამშენებლო ნაგავი კი გაიტანეს და ამაზე მერიას პრობლემა სამუშაობის მიმდინარეობისას არ ჰქონია. ახლა კი რიონს ნამდვილად ვერ გაასუფთავებენ. გაზაფხული მოვა, რიონი ადიდდება და ისედაც ყველაფერს არ წაიღებს?!

სამუშაოები რომ არაჯეროვნად სრულდებოდა და გეგმა-გრაფიკს იყო ჩამორჩენილი, ქუთაისის მერიაში სექტემბრიდან იცოდნენ. ამას ადასტურებს საინჟინრო მონიტორინგის სამსახურის მიერ მერიისთვის გაგზავნილი წერილები. ბოლო წერილი მერიამ ამ სამსახურისგან 4 ოქტომბერს მიიღო, ხელშეკრულება კი 5 დეკემბერს შეწყდა. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მონიტორინგის სამსახურის მიერ ხარისხთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზები იყო.

წარმოებაში კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ სტურუა სამუშაოს ვადების დარღვევის მიზეზად მერიის მიერ მოთხოვნების მრავალჯერ შეცვლას ასახელებს. სტურუას თქმით, მერიამ მათ დროულად არ მიაწოდა ახალი ხარჯთაღრიცხვა და საპროექტო დოკუმეტაცია. საქმეს ახლა სასამართლო განიხილავს. მერია კომპანიას 185 ათასი ლარის დაბრუნებას სთხოვს. კომპანია კი დანარჩენი 150 ათასის გადარიცხვასა და სანქციის გაქუმებას ითხოვს. მერიის პარალელურად, სარჩელი სასამართლოში კომპანიამაც შეიტანა. თუმცა, ჯერ კიდევ არ იციან, მათ საქმეს სასამართლო წარმოებაში მიიღებს თუ არა.

2011 წლიდან დღემდე თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ქუთაისის მერია არ ნებდება და ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამუშაობის დასასრულებლად უახლოეს მომავალში ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს.

 

სტატია ქვეყნდება “ღია საზოგადოების”  მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.