გურულები ცისკარას იმედად დარჩნენ

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი:  ნინო შონია

გურიის სამ სოფელში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯუმათში, ძიმითსა და ლაითურში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობა წყალს დაჰპირდა, მაგრამ დღემდე მათი ონკანები დამშრალია. რატომ? იმიტომ, რომ შესრულებული სამუშაოები თავიდანვე ეფექტიანად ვერ დაგეგმეს, შემდეგ კი დასრულებული პროექტების ხარისხი არავის შეუმოწმებია. შესაბამისად, ხან მილები სკდებოდა, ხან საქაჩი სადგური ითიშებოდა და ხანაც რეზერვუარის კედელი ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები საბოლოო ჯამში აღიარებენ, რომ სამუშაოები არადამაკმაყოფილებლად შესრულდა, კომპანიები კი მთავრობისკენ იშვერენ ხელს, არასწორად იყო დაგეგმილი და ჩვენ რაც გვითხრეს, ის გავაკეთეთო.

ჯუმათი

2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავრობამ სოფელ ჯუმათში 1,370 მომხმარებლისთვის წყალმომარაგების სისტემის აღდგენა გადაწყვიტა. სამუშაოს შესრულება შპს “ბილდინგ დეველოპერს” დაუკვეთა. ჯამში, ამ პროექტზე 1.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სოფელს კი წყალი დღესაც არ აქვს.

მოკლედ, კომპანიას ჯუმათში უნდა გაეკეთებინა მილსადენი, საქლორატორო და სატუმბი სადგურები, ორი რეზერვუარი, სათავე ნაგებობა, საყარაულო სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები. ჩამოთვლილთაგან ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მალე მთელი ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა: მილები დასკდა, სათავე ნაგებობა და რეზერვუარები დაზიანდა, წყალი არ იქლორება, ამ სისტემის ობიექტებს არც დარაჯი ჰყავს და არც შემოღობილია.

“ჯუმათი რომ გაიხსნა, მეც ვესწრებოდი,“ – ამბობს წყალმომარაგების კომპანია შპს “სატისის“ დირექტორი დავით ცერცვაძე. “წყალი მივიდა ყველგან, მაგრამ მოსახლეობა არ იყო დაერთებული ჯერ და რომ დაერთდა ხალხი, მერე გამოჩნდა პრობლემებიც. წნევის პრობლემა იყო, რეგულატორები იყო დასაყენებელი. მშენებელი მოდის და ასწორებს ხარვეზებს.“

მოსახლეობა ამბობს, რომ მილები წნევას ვერ უძლებს და სკდება, ჭებიც ღიად არის დატოვებული. წყალი კი ბინძურია.

“არა ბებია, მაი წყალი სადაა?,“ – მეუბნება 73 წლის ნუნუ ბებო, – “ადრე სინათლე რომ მოვიდოდა, შევარდნაძის დროს, ჯურღმულში რომ ვიყავით და ტაშს ვუკრავდით, გვიხაროდა, ე მასეა ახლა წყლის ამბავი აქ. აი წყალი გააკეთეს უაზროდ და ქეა ასე უაზროდ. ახლა არ აკეთებენო რომ ვთქვა, ცოდვაა, მარა სულ ფუჭდება. ერთი დღე გააკეთებენ, მეორე დღეს აღარ არის. თუ წამოვიდა წყალი, კაია, მარა დიდი ნაპორი აქვს ბებია ამ წყალს, ეს ტრუბები მაგას ვერ გოუძლებს.“

წყალმომარაგების სამსახურის დირექტორი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ ექსპლუატაციის დროს რაც გაფუჭდება, მისი გასაკეთებელია, მაგრამ რეგულატორი რომ არ არის და წნევა მაღალია, ეგ მშენებლის ბრალია.

სრულიად გამორიცხავს შეცდომებს მშენებელი კომპანია. შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორი ალექს სიხუაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათი ჩატარებული სამუშაო ზუსტია და როცა წყალი ჩართეს, ყველაფერი იდეალურად მუშაობდა.

არადა, მოსახლეობა წყლის სისტემის მუშაობით თავიდანვე უკმაყოფილო იყო. სოფელში შესრულებული სამუშაოს კვალს რომ ვეძებდი, მწყემსს შევხვდი შემთხვევით, მიმართულება ვკითხე. წყალი რომ ვუხსენე, მანაც დაიწყო პრობლემებზე საუბარი. “ხან მატორი გაფუჭდაო, რელე დაიწვაო, დენი არასწორად მივიდაო, ე წყალი სულ ასეა, ხან ტრუბები დატყლეზილია შუა გზაზე. წაყრილია მიწა და რას მიხვდები შენ. მე ვიცი, სად არის და განახებ, თუ გინდა,“ – მეუბნება 64 წლის თენგიზი და ჯერ იქვე ღია ჭას მაჩვენებს, მერე კი იმ გამსკდარ მილსაც, რომელსაც მიწა აქვს წაყრილი. „გუშინწინ დასკდა. ერთი კვირის მერე მოვლენ. ისე რად მინდა აი წყალი? გინდა გქონდეს და გინდა არა. ღელის წყალს დალევ შენ?“

აღმოჩნდა, რომ სასმელი წყალი არც იქლორება. არადა, კომპანიას საქლორატორო სადგურიც უნდა აეშენებინა და აღეჭურვა კიდეც. შენობა კი დაუდგამთ, მაგრამ ცარიელი დაგვხვდა.

“ჩვენ საქლორატორო შენობა ავაშენეთ. ავზებიც შევიტანეთ და მუნიციპალიტეტს უნდა დაეწყო წყლის დაქლორვა. შეიძლება არ დაჭირდათ და შეინახეს, რომ იქ არავის მოეპარა,“ – გვითხრა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსი სიხუაშვილმა.

“დაქლორვა არ მიდის,“ – მიდასტურებს დავით ცერცვაძე, წყალმომარაგების კომპანია შპს “სატისის“ დირექტორი. “სათავე ნაგებობა სტიქიამ დააზიანა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოცხადებულია ტენდერი და რეზერვუარის შეკეთებაზეც ვმუშაობთ. როცა გვექნება იქ სტაბილური წყალი, შემდეგ უკვე ჩავრთავ საქლორატოროს.“

პროექტის საგარანტიო ვადა 2021 წელს იწურება. მანამ შემსრულებელი კომპანია ვალდებულია ხარვეზები თავისი ხარჯით გაასწოროს. ისინიც ჩადიან და ასწორებენ. სიხუაშვილი ამბობს, რომ ადამიანური ფაქტორის გამო იქცევა ასე, თორემ ვალდებული არაა.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ გამგეობამ სამუშაოები ხარისხის კონტროლის გარეშე ჩაიბარა. კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ პროექტი დამკვეთმა უნდა ჩაიბაროს მას შემდეგ, რაც სამუშაოების ხარისხსა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას ექსპერტიზა დაადგენს. ამ შემთხვევაში გამგეობას ხელთ მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის კვლევა აქვს, ხარისხი კი არავის შეუმოწმებია.

ჯუმათის პროექტის მიღება-ჩაბარების აქტს ხელს ბადრი გობრონიძე, გამგებლის მაშინდელი მოადგილე აწერს. გობრონიძემ ჩვენთან საუბარში ბრალი მთლიანად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასდო: “სამხარაულის ბიურო ყველაფერს ამბობს, რაც გაუხარდებათ. საერთოდ ძალიან უყვარს თავის არიდება ყველაფერზე და გადაბრალება სხვაზე. ამ პროექტმა გაიარა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა და დადებითი დასკვნა დადო ბიურომ. ჩვენ რა უფლება გვქონდა პროექტის უვარგისიანობაში შეგვეტანა ეჭვი? უამრავი ხარვეზი ჰქონდა თურმე ამ პროექტს. მშენებლებმა მერე რამდენჯერმე გადააკეთეს, ზედმეტი ხარჯი გაწიეს, საკუთარი. ეს ყველაფერი მოდის სამხარაულიდან. ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დავას ვერცერთი მუნიციპილატიტეტი ვერ უგებს და ამიტომ აზრი არ ჰქონდა მაგათთან დავას.

”ბიუროსაც ვკითხეთ, ეთანხმებიან თუ არა ბრალდებას. იქ გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის ექსპერტიზა თხოვეს და ასეთი დოკუმენტი მოამზადეს. პროექტის დამკვეთი და შემსრულებელიც კარგა ხანს გვიმტკიცებდნენ, რომ სამხარაულის ბიურომ მათ ხარისხის შესახებაც მისცა დასკვნა, მაგრამ ბოლოს აღიარეს, რომ ასეთი კვლევა არ არსებობს.

შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა დიდწილად დამოკიდებულია საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობაზეც. როგორც ჩანს, ჯუმათის შემთხვევაში ვერც საპროექტო დოკუმენტები მომზადდა ხარისხიანად, არადა ამაში ადგილობრივმა მთავრობამ 9 ათასი ლარი გადაიხადა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყოფითად შეაფასა სათავო და გამწმენდი ნაგებობების პროექტები, წყლის გამანაწილებელი სისტემა კი დადებითად. შემსრულებელი კომპანია, რომელმაც უშუალოდ სამუშაოები დაიწყო, გვიდასტურებს, რომ პროექტში გათვლები არასწორად იყო გაკეთებული და მათ გაუთვალისწინებელი ხარჯიც გაწიეს.

გამოვიდა, რომ ვერც საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადეს ხარისხიანად, ვერც სამუშაოები შესრულდა დამაკმაყოფილებელ დონეზე, ადგილობრივმა მთავრობამ ეს ყველაფერი ჩაიბარა, თვალი დახუჭა და ამაში ჩვენი, გადასახადების გადამახდელების მიერ ბიუჯეტში შეტანილი 1.2 მილიონი ლარიც დაიხარჯა.

ძიმითი

ჯუმათისგან განსხვავებით, ძიმითში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ადგილობრივმა მთავრობამ ჩაიბარა დაუსრულებელი წყლის სისტემა და ახლა კიდევ ახალ სამუშაოებს გეგმავენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შპს “უნივერსალს“ სოფელ ძიმითის თირის უბანში წყლის გაყვანისთვის 25,039 ლარი გადაუხადა. თირის უბანში 70 ოჯახი ცხოვრობს. “უნივერსალმა” სამუშაო ოფიციალურად 2016 წლის 30 სექტემბერს დაასრულა. ძიმითელებს კი ონკანში წყალი ჯერაც არ უნახავთ.

ამ სოფელში ყველაფერი ნათელია. აქ, ჯუმათისგან განსხვავებით, წყალი ქსელში არც კი გაშვებულა. ან როგორ გაეშვებოდა, როცა მილები უბრალოდ მიწის ზედაპირზე აწყვია და არსადაა შეერთებული?

მთავრობამ კომპანიას დაავალა, თირის უბანში შეეკეთებინა ერთი ძველი წყლისშემკრები სათავე ნაგებობა და დაეხუფა, მოეწყო ერთი ახალი რეაზერვუარი, დაედგა წყლის საქაჩი, მოეწყო პოლიეთილენის მილის წყალსადენი და შეემოწმებინა იგი, ჰერმეტულად რამდენად გამძლე იყო, გაეკეთებინა ღრმა თხრილები მილებისთვის და დაემუშავებინა მისი გვერდები.

პირველი ავზის დათვალიერების შემდეგ მაღლა ავუყევით ბილიკს მეორე რეზერვუარამდე. გადაჭრილი მილები ზედ გზაზე ეყარა. ამ გზაზე ვნახეთ ცარიელი, მეორადი რეზერვუარები და სამშენებლო ლამინატით გადაფარული, დაბინძურებული წყლით სავსე სათავე ნაგებობა.

გავარკვიეთ ისიც, რომ პირველიდან მეორე რეზერვუარამდე წყალი წნევას უნდა აეტანა, შემდეგ კი თვითდინებით უნდა წასულიყო სახლებისკენ. მაგრამ წყალი აღარ ამოვიდა. „საქაჩი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა ყოფილიყო,“ – მიხსნის ძიმითელი ტატო სულაბერიძე. მთავარი მილი შეერთებულიც არ დაგვხვდა რეზერვუართან, წყალი მაინც არ ამოვიდა და რა აზრი ჰქონდა შეერთებასო, ასე უთქვამთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

სათავე ნაგებობის და რეზერვუარების ნახვის შემდეგ ძიმითელებთან ერთად თირის უბანში, ერთ-ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. ჩვენ მასპინძელს, მაიას იმედი მთლად გადაწურული არ აქვს და „ცისკარას“ ელოდება. “წყლის პრობლემა რომ გექნება 21-ე საუკუნეში… წყალს მიაქვს აქაურობა და მეწყერს მივყავართ. ამ საუკუნეში ტაშტზე რომ დაიბან ტანს ადამიანი, საქმეა? ცოტა პოლიტიკაში დაძაბულობა რომ წავა, მაშინ ვახსენდებით ყველა ტელევიზიას. 22 წელია ამ უბანში ვცხოვრობ და მართლა პირის დასაბანი წყალი გვენატრება”,– მეუბნება მაია.

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც თან ახლავს ამ პროექტს, შპს “ბილდინგ პროჯექტ კონსალტინგს” ეკუთვნის. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თირის უბანში შესრულებული სამუშაოს მოცულობები არ ემთხვევა ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილ მაჩვენებლებს. წყალმომარაგების სისტემის ხარისხზე კი ამ დასკვნაში საუბარი საერთოდ არაა. ადგილობრივმა მთავრობამ კი პროექტი მაინც ჩაიბარა.

ჯუმათთან შედარებით, ძიმითის წყლის პრობლემა შორეულ პერსპექტივაშიც უიმედო ჩანს, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ჩვენთვის გამოგზავნილ დოკუმენტში ძიმითის პროექტი, სადაც მილები ჩაფლულიც არ არის და ისე ყრია გზებზე, დაერთებები გაკეთებული არ არის, რეზერვუარს წყალი არ მიეწოდება და რეზერვუართან მისასვლელი მილიც არ არსებობს, დასრულებულ პროექტად მოიაზრება.

“წყალი არ მისულა დანიშნული ადგილიდან დანიშნულ ადგილამდე,” – გვიხსნის ძიმითის მკვიდრი, 54 წლის მზია. “ისეთი წყლის საქაჩი აქვს დაყენებული, რეზერვუარიდან რეზერვუარამდე ვერ აიყვანეს წყალი. აგერ წყალზე უბანში რომ დადის, იმან გვითხრა, წყალი ჩაბარებულიაო. წყალი სადაა? წყალი უნდა მოსულიყო სათითაოდ ყველას ჭიშკართან, ვინც იყო გათვალისწინებული იმ პროექტში. არ მოიყვანეს. ველოდებით, მაგრამ საერთოდ არ მოდიან უკვე თირის უბანში, ჩვენ აღარავის ვაინტერესებთ. თუ არ მიგყავს ბოლომდე საქმე, მაშინ საერთოდ რატომ იწყებ პროექტს და რატომ ხარჯავ ფულს? ან ვიღაცამ ხომ გამოყო ეს თანხა, იმას არ აინტერესებს, რა მიზნით დაიხარჯა ფული? ნეტა მაცოდინა, რაში გადაიყარა ის თანხა.”

ლაითური

2017 წლის 14 ივლისს სოფელ ლაითურშიც დაიწყეს წყლის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტის გასულ ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს.

პროექტის საერთო ღირებულება 4.7 მილიონი ლარია. ხელშეკრულება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) “შაჰარტ შპს საქართველოსთან” გააფორმა. სომხურ კომპანიას მუნიციპალიტეტმა 3.1 მილიონი ლარი უკვე გადაუხადა. ლაითურის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერაა დაფინანსებული და 2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს. სამუშაოების დასრულების დრო მგფ-მა კომპანიას ნოემბრიდან მარტამდე გადაუწია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელს ვადაგადაცილებისთვის ჯარიმა დაეკისრებოდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში არ გვითხრეს, რატომ გადაწიეს ვადა და პირობების შეუსრულებლობისთვის რატომ არ დააჯარიმეს კომპანია.

ლაითურში მოსახლეობამ ჯერაც არ იცის, სისტემა როდის მოწესრიგდება. “ბაბუა, წყალს გვპირდებიან 28 წელია და მე ვეღარ მოვესწრები უკვე. ახლა უკვე უნდა ყოფილიყო, მაგათი მონაცემებით,” – შემოგვჩივლა მიხეილ გოგიტიძემ. ”გადათხარეს-გადმოთხარეს. ვინ არის პატრონი და მომკითხავი, ამაშია საქმე. სექტემბერში უნდა ყოფილიყო წყალი. მერე ნოემბერში გადაიტანეს და ახლა მომავალ ნოემბერს თუ იქნა კიდევ, არ ვიცი.“

იმედი გადაწურული აქვს ლაითურის მკვიდრს, 70 წლის დავით ხუნდაძესაც. ხუნდაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ბოლოს თავად მოსახლეობის მოსაკითხი გახდეს ეს სამუშაოები. „ჩვენ, ბაბუა, ფულიც არ გვაქვს, თორემ ჩავიდოდით სადმე, ვინმეს მოვთხოვდით პასუხს, დირექტორია თუ ფირმაა. ასვალტი კი გაგვიკეთეს, მაგრამ თუ მოიტანეს უხარისხო ტრუბები და ჩაყარეს და წნევას თუ ვერ გაუძლო? აგი თუ გადაითხარა თავიდან, რაღაა? გააწამებს მოსახლეობას. წყალში ჩაყრილი იქნება ყველაფერი,“ – გვეუბნება ხუნდაძე.

ლაითურელები ფიქრობენ, რომ კომპანიამ რეზერვუარის მშენებლობაში შეცდომა დაუშვა და ვადები ამიტომ გადაწიეს. „დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. დაშალენ მაგ წყლის რეზერვუარი და ხელახლა აკეთებენ. წყალს რომ ჩავასხამთ, ვერ გაუძლებდაო და დაშალენ,“ – გვიხსნის ლაითურის მკვიდრი 43 წლის გია. იგივეს ამბობს 65 წლის გურამი: “უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა გააჩერეს და არ ვიცი, არ ივარგაო იმ აშენებულმა. რაის წყალი? დამავიწყდა საერთოდ რა არის ეგ. ჩვენ ჭები გვაქვს და იმითი ვსარგებლობთ 25 წელია უკვე და მეტი.

“ლაითურში გამგეობის წარმომადგენელი, რეზო მესხიძეც გვიხსნის სამუშაოების დაგვიანების მიზეზს: „წყალი ლაითურში 27 წელია არ გვაქვს. ჭები გავაკეთეთ და ამ ჭებით გაგვაქვს თავი და ახლა დამთავრებულია მთლიანად გაყვანილობა. ერთადერთი შეფერხებაა – ბასეინი, რომელიც გაკეთებული იყო რაღაც სიმაღლეში. მერე დაბრაკეს, კომისია იყო მოსული. მე როგორც ვიცი, არმატურები უნდა იყოს პლასტმასის, რომელიც არ იჟანგება. ამათ ჰქონდათ რკინის. სიმაღლე რაც იყო შენობის, მოაკლეს იმას და ხელახლა აშენებენ. მასალის მოსატანად არიან წასულები ახლა“.

გზაზე, სადაც წყალსადენი გააკეთეს, უკვე დააგეს ასფალტიც. ჯუმათის მაგალითზე ვნახეთ, რომ ახლადგაკეთებული მილები დასკდა და შესაცვლელი გახდა. იყო თუ არა მიზანშეწონილი ასფალტის საფარის დაგება პროექტის ხარისხის შემოწმებამდე, ამ კითხვით სამუშაოების ზედამხედველ კომპანიას მივმართეთ. შპს “სატისის” ხელმძღვანელი, დავით ცერცვაძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ჰიდრავლიკური გამოცდა ჩატარებული აქვს ქსელს თავიდან-ბოლომდე. “ერთნახევარჯერ მეტით არის დაპრესილი და გასინჯულია სულ ყველა, როგორც სადაწნევო, ისე გამანაწილებელი ქსელი,“ – გვითხრა ცერცვაძემ.

რადგან პროექტის დროში ჩამორჩენა რეზერვუარს ბრალდებოდა, “აი, ფაქტმა” რეზერვუარის მონახულება და პრობლემის ადგილზე გარკვევა გადაწყვიტა. ადგილზე მისულებს შენობის მხოლოდ კედლები და სამი მუშა დაგვხვდა, რომლებმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

“როგორც აპირებდა კომპანია კედლის ჩასხმას, ის ტექნოლოგია ჩვენ არ მოგვეწონა. შევაჩერეთ და მივეცით რეკომენდაციები მგფ-ის მონიტორინგის ჯგუფთან ერთად,“ – აგვიხსნა ცერცვაძემ. მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების მოცულობის ცვლილება ამ პროცესისთვის დამახასიათებელია და აქ საგანგაშო არაფერია.

მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, ხაჩიკ ჰოვსეფიანი პასუხისმგებლობას მთლიანად შემკვეთს აკისრებს და ამბობს, რომ რეზერვუარის პროექტში მშენებლობის დაწყების შემდეგ ცვლილება ორჯერ შევიდა, თანაც ისე, რომ გაწეული სამუშაოების მოშლაც გახდა საჭირო.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტმა ლაითურის შესახებ სამი დასკვნა გასცა, სამივე საპროექტო დოკუმენტაციას ეხებოდა და სამივე უარყოფითია.

მგფ-იდან ლაითურის პროექტს ზაზა ფირცხალაიშვილი ზედამხედველობდა. ჩვენ მასთანაც გვქონდა კითხვები, თუმცა ფირცხალაიშვილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვთხოვა, კითხვები მათთვის წერილობით გაგვეგზავნა. თუმცა, ურთიერთობის ეს ფორმაც უშედეგო აღმოჩნდა.

გარდა რეზერვუარისა, ლაითურის წყალსადენს დასრულებამდე კიდევ ბევრი აკლია: ქსელის 99 პროცენტია გაკეთებული, 5-ის ნაცვლად ჯერ აშენებულია 3 ჭაბურღილი, სამარაგო-საწნევო რეზერვუარს მხოლოდ კედლები აქვს, აშენებულია საქლორატორო სადგური და სჭირდება აღჭურვილობა.

სამუშაოების დაწყებიდან გასულია 17 თვე. პროექტის დასრულებამდე, ოფიციალურად დარჩენილია 2 თვე. კომპანიის წარმომადგენელმა, ხაჩიკ ჰოვსეფიანმა გვითხრა, რომ მგფ-ს სამუშაოების გადავადება უკვე სთხოვეს და მათ პასუხს ელიან.

გურიის უწყლოდ დარჩენილ სოფლებში კი ხუმრობენ, რომ ან ცისკარა უნდა გამოჩნდეს, ან დევი უნდა მოკლან. უწყლობის დამარცხების სხვა გზა აღარაა.

 

სტატია ქვეყნდება “ღია საზოგადოების” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში,
წინა სტატია გორის სოფელ მარანას, რომელსაც დენის ეკონომიის გამო სასმელი წყალი დღეში 2 საათით მიეწოდებოდა,
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობის სასმელი წყლის
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დმანისის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წყალმომარაგების მიწოდება ათეული წლების
"ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს", - ნათქვამია გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ
ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტით, აწყურში ე.წ. ველის წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრებები უკვე ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების- ჩირდილელიანთკარისა და გრიგოლაანთკარის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, ტაძრისსა და დვირში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ცქრიალა შერმადინი, ნინო შონია წარმოიდგინეთ, რომ ბანკიდან აღებული სესხით სახლში წყლის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ორი ახალი ჭაბურღილის, წყლის ქსელებისა და რეზერვუარების მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები სრულდება, რისთვისაც 795 600 ლარი დაიხარჯება.
%d bloggers like this: