ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

1244

2019 წელს ასპინძაში ოთხი სოფლის საროს, ხიზაბავრის, თოკისა და ვარგავის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენისა და სათავენაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სოფლები სარო, ხიზაბავრა, თოკი და ვარგავი სასმელი წყლით ერთი სათავენაგებობიდან მარაგდება. სისტემის საპროექტო სამუშაოებს შპს “ვეგა+“ ახორციელებს. კომპანიამ ასპინძის მერიის მიერ გამცოხადებული ტენდერი 11 560 ლარზე მოიგო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ოთხივე სოფლის ცენტრალური სათავე ნაგებობა და მილსადენი სრულად უნდა მოწესრიგდეს. თუმცა, მილსადენების რეაბილიტაცია იმ ადგილალმდე იგეგმება, საიდანაც წყალი ოთხ სოფელში ნაწილდება. ამიტომ სოფელ საროსა და თოკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა ისევ სასმელი წყლის პროექტები შეარჩიეს.

ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ანზორ ალელიშვილი ამბობს, რომ საროში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ სოფლის სათავენაგებობა გაკეთდება, თოკში კი ორკილომეტრიანი წყლის მილი შეიცვლება.

“ეს კონკრეტული პროექტები არ იყო გათვალისწინებული იმ პროექტში, რაზეც მერია ტენდერს აცხადებს. საროს მუდმივად პრობლემა ჰქონდა, რომ გაუმართავი სათავენაგებობის გამო მღვრიე წყალი მოდიოდა, ხოლო თოკი ამორტიზებული მილით ბევრ წყალს კარგადვდა“, – ამბობს ალელიშვილი.

საროშიც და თოკშიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა 10 000– 10 000 ლარია.

რამდენი დაიხარჯება ამ სოფლების ცენტრალური სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

ასპინძაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ ჯამში 304 000 ლარი გამოყო.