ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო

28

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა.

ასევე, აღნიშნულ დასახლებებში გამართულ სოფლის კრებებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი დაესწრნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

“სოფელ ქვემო მაღაროში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გარეგანათება გაკეთდება, “რკინიგზის“ უბანში ჭაბურღილი შეკეთდება და საბავშვო ბაღის ეზო მოწესრიგდება. ზემო მაღაროში კი მოიხრეშება სოფლის შიდა გზები და გაკეთდება გარეგანათება.

ქვემო ბოდბეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ახალი სკვერი, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია და მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები. სოფელ ბოდბეში შემოიღობება სპორტული მოედანი, მოიხრეშება გზები და დამონტაჟდება გარეგანათება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ილიაწმინდაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობას და მოეწყობა გარეგანათება“, – განმარტავენ სამინისტროში.