ვიცემერი: ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია საცხოვრებელ ზონად გადაკეთდება

794

წინა სტატია

“ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის კოეფიციენტი შემცირდა, ხაბეიშვილი ამას რაღაც სისულელე ინტერესებს უკავშირებს“, – განაცხადა თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ. მან აღნიშნული ტერიტორიის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ქალაქგეგმარების პროცესში ფუნქციური ზონის ცვლილება ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, როდესაც ეს განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე ხდება, ხან ერთი ზონა გადადის მეორეში და ხან პირიქით. გენერალური გეგმა იმთავითვე ისეთი ზოგადი დოკუმენტია, კონკრეტული არეალის დამუშავების შემდეგ მისი ფუნქციური ცვლილება ჩვეულებრივი ამბავია. კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის საცხოვრებელ ზონაში გადაყვანა, ანუ 4.6 კოეფიცინტიანი ზონა გადაიყვანეს 2.5 კოეფიციენტში. ლევან ხაბეიშვილი რაღაც სისულელე ინტერესებს უკავშირებს ამას. მაღალი ინტენსივობა შეიცვალა დაბლით, ეს ნიშნავს, რომ თუ უნდა აშენებულიყო 25-სართულიანი კორპუსები, უნდა აშენდეს 18-სართულიანები. ხანდახან ეს პირიქით ხდება ხოლმე”, – აღნიშნა ხმალაძემ.

ხმალაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის გამზირზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შერეული საზოგადოებრივი და სამრეწველო ზონა, ქალაქმგეგმარებლებმა კი სწორად იქ საცხოვრებელი ზონის განვითარება ჩათვალეს საჭიროდ.

“როდესაც ახალი გენგეგმა დამტკიცდება, იქაც იქნება ცვლილებები. ამაში არაფერია განსაკუთრებული. კონკრეტულ შემთხვევაზე მოსმენილმა განცხადებებმა გამაოცა. საუბარი მოსკოვის გამზირზეა, სადაც ძირითადად საცხოვრებელი ზონებია. იქ იყო შერეული საზოგადოებრივი სამრეწველო ზონა, სადაც ქალაქმგეგმარებლებმა ჩათვალეს, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა საცხოვრებელი ზონის განვითარება. ვისაც უნდა, გაიგოს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მერიამ, უნდა წაიკითხოს გრგ-ს დავალება. გრგ მტკიცდება შესაბამისი, მათ შორის, სატრანსპორტო კვლევების საფუძველზე. ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ კვლევა არ იყო ჩატარებული, ან არ დააკმაყოფილა მან, არამედ ის საერთოდ არ წაუკითხავს”, – განაცხადა ხმალაძემ.