ბიძინა გეგიძე კახა კალაძეს მიმართავს, ვერეს ხეობაში შენობის ასაშენებლად, კომპანია “ანაგს” ნებართვა არ მისცეს

944

“მივმართავ მერიას, მერს, არ მისცეს ნებართვა კომპანია “ანაგს” ვერეს ხეობაში გრანდიოზული შენობის ასაშენებლად”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა ბიძინა გეგიძემ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც გეგიძემ აღნიშნა, რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც, ფრაქციას სპეციალური ინიციატივა აქვს შემუშავებული.

“ჩვენ ფრაქციას “ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოთვის” მომავალ კვირას გაგვაქვს სესიაზე ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხება რეკრეაციული და ჯანსაღი სივრცეების დაცვას. ინიციატივა პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია, შემდეგ ჩაერთო მერია და მეორე მოსმენაზე 37 ხმა მივიღეთ, 50 ხმა იყო საჭირო და საკითხი ჩავარდა. ახლა ვაგრძელებ ბრძოლას, რომ გავიდეს. სწორედ ამ მიზნით იმართება კონსულტაციები. ამის პარალელურად ხდებოდა ისევ რეკრეაციულ ზონებში ნებართვების გაცემა კორპუსების ასაშენებლად, რაც ყოვლად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს კანონი გუშინ და გუშინწინ იყო მისაღები, უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე საერთოდ რომ არ გვქონდეს ეს კანონი. კანონის მიზანია შეაჩეროს მუნიციპალიტეტის მცდელობები ნებართვები რეკრეაციულ ზონებში, სპორტულ სივრცეებში არ გაიცეს და არ გაჩნდეს ურბანული ოკუპაცია. კითხვები საკმაოდ ბევრია”,- განაცხადა გეგიძემ.

მისივე თქმით, მერიამ კომპანია “ანაგს” ვერეს ხეობაში, თავდაპირველად რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მშენებლობის ნებართვა არ უნდა მისცეს.

“რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს კომპანია “ანაგის” მიერ უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილია. ჩვენ მივმართეთ კომპანიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია, მაგრამ როდესაც საუბარია კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუმენტი, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. პირდაპირ მივმართავ მერიას, მერს არ უნდა გაიცეს ნებართვა რაგბის სტადიონზე, კომპანია “ანაგს”, არ უნდა მისცეს ნებართვა ვერეს ხეობაში აშენდეს გრანდიოზული შენობა. ყველა შეთანხმდა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები უნდა გაჩერდეს.

რაგბის კავშირს ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ აეშენებინა მოედანი. შემდეგ ეს ვალდებულება შეიცვალა. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს – როგორ მოიხსნა ეს ვალდებულება, როგორ შეიცვალა?!”- განაცხადა გეგიძემ და დასძინა, რომ იმედია, კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება.

“დღეს პროფესიონალებისგან მივიღებთ რჩევებს, როგორ გადავარჩინოთ ეს ტერიტორია. იმედია, მხარდაჭერა ექნება კანონპროექტს”,- განაცხადა გეგიძემ.

ამასთან, გეგიძემ აღნიშნა, რომ ფრაქციის ინიციატივაა, მშენებლობის მაძიებელი მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი იყოს.

“გარდა იმისა, რომ შეიზღუდოს ნებართვების გაცემა მშენებლობებზე რეკრეციულ ზონაში და სპორტულ სივრცეებში, კიდევ დავამატეთ ის, რომ მშენებლობის მაძიებელი იყოს მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი. მარეგულირებელი კანონის ქვეშ მოხვდეს მშენებლობის ნებართვა. ისევ სახელმწიფოს ექნება იქ მშენებლობის უფლება მისი კონტროლის ქვეშ იყოს”,- განაცხადა გეგიძემ.

ფრაქციის წევრები საკითხთან დაკავშირებით  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდნენ.