იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

775

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, ტენდერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე გამოცხადდა.

“მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ათეულობით სკოლას, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლებს“, – ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

შეგახსენებთ, რომ სკოლები ჩოხატაურის სოფელ გუთურში, მარნეულის სოფელ ცოფში და გორის სოფელ პატარა მეჯვრისხევიშიც აშენდება. აღნიშნული სკოლების მშენებლობაზე ტენდერი 9 თებერვალს გამოცხადდა.