თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

717

თბილისის საკრებულოს სხდომა კამათისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა მისთვის მნიშვნელოვანი სამი საკითხი დააყენა, რის შემდეგაც მას საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ თემაზე უპასუხა. კერძოდ, სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით.

სოხაძის თქმით, ტერიტორიას საზოგადოებრივი ზონის სტატუსი შეეცვლება და ეს მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო ხდება.

საკითხზე მსჯელობისას სოხაძესა და ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“შენ ხარ თავხედი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თავხედი კოლეგა გვყავს საკრებულოში. ოპონენტები არაკვალიფიციურები არიან. ამოიღებენ ფოტოებს და იმაზე საუბრობენ, ” – განაცხადა სოხაძემ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

თავის მხრივ ხაბეიშვილმა სოხაძეს მიმართა, რომ იტყუება და მისი საუბარი უზდელობაში გადადის.

ამავე საკითხს სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა, რასაც ხაბეიშვილთან მისი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ხუმრობით აღნიშნა, რომ “ლევან ხაბეიშვილი ვირტუალურ მთავრობაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზეა წარდგენილი“.