მოსახლეობა მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმებას და გენგეგმის მიღებას ითხოვს

1216

წინა სტატია

მცხეთის მოსახლეობის ნაწილი განაშენიანების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული მორატორიუმის გაუქმებასა და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიღებას ითხოვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი განცხადებით, მშენებლობაზე მორატორიუმი 2015 წლიდან გრძელდება, რის გამოც საკუთარ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების უფლებას ვერ იღებენ. მათი მტკიცებით, ამის მიზეზი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არარსებობაა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ამჟამად, გენგეგმაზე კომპანია “აქოლისი” მუშაობს, რომლის მიერ 2015 წელს შემუშავებული პროექტი მცხეთის საკრებულომ არ მიიღო. მოსახლეობის მტკიცებით, კომპანია “აქოლისი” 2015 წელს კომპანია “სალი 2011-ს” სახელით ოპერირებდა და მის უკან საპატრიარქოც იდგა, რომელსაც მცხეთაში გარკვეული ბიზნესინტერესები ჰქონდა.

კერძოდ, მოსახლეობის მტკიცებით, გენგეგმაზე მუშაობის პროცესში ჩართულები იყვნენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და დეკანოზი ბესარიონ მენაბდე.

“პრობლემა ეხება კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დარღვევას. 2015 წელს მცხეთაში გამოცხადდა მორატორიუმი, აიკრძალა ყოველგვარი მშენებლობა და ამით კერძო მესაკუთრეთა ინტერესები დაირღვა. ეს დღესაც გრძელდება და კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება არ ვიცით. 2011 წელს ჩემს მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ვერაფერს ვერ ვაშენებ. ეს ნაკვეთი არის ე.წ. ფიქრის გორაზე, სადაც ახალი განაშენიანება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ “იუნესკო” ინფორმირებულია, 2015 წელს მან ძალიან კარგი პროექტი თვითონ შემოგვთავაზა. მორატორიუმი გამოაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მას არანაირი ბერკეტი არ დაუტოვეს, რომ გენგეგმის შემუშავებაში მონაწილეობა მიეღოთ და მასზე მუშაობა გრძელდებოდა ხალხთან და საკრებულოსთან კომუნიკაციის გარეშე და საბოლოოდ ჩავარდა. ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ახლა ტენდერში სახელშეცვლილმა, თუმცა იგივე კომპანიამ გაიმარჯვა და კომუნიკაცია ჩვენთან არც ახლა აქვს”,- აღნიშნა მცხეთის მცხოვრებმა ჟუჟუნა წიკლაურმა “მთავარის” პრესკლუბში.

მცხეთის მცხოვრებთა ინფორმაციით, იმისთვის, რომ კომპანია “სალი 2011-ს” 2015 წელს გენგეგმის საპროექტო სამუშაოები შეესრულებინა, ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯა, წელს კი გენგეგმაზე სამუშაოდ 1 800 000 ლარია გამოყოფილი. მცხეთის მცხოვრებთა ნაწილი შიშობს, რომ აღნიშნული კომპანია სამუშაოებს გამართულად ისევ ვერ განახორციელებს. სამუშაოების დასასრულებლად “აქოლისს” 9 თვის ვადა აქვს მიცემული, ტენდერში კი 2019 წლის 5 თებერვალს გაიმარჯვა.